ალეს ბიალიაცკი

ბელარუსში ნობელის პრემიის ლაურეატ აქტივისტს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბელარუსის სასამართლომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ალეს ბიალიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ადამიანის უფლებათა ჯგუფის, Viasna-ს თქმით, ის კონტრაბანდისა და "საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დამრღვევი ქმედებების" დაფინანსებისთვის გაასამართლეს.

60 წლის ბიალიაცკის მომხრეები ამბობენ, რომ ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ავტორიტარული რეჟიმი მის გაჩუმებას ცდილობს.

ბიალიაცკი 2022 წლის ნობელის პრემიის სამ ლაურეატთაგან ერთ-ერთი იყო.  2021 წელს საპროტესტო აქციების დროს დააკავეს, რომელიც არჩევნებს მოჰყვა. 

ბიალიაცკი სასამართლოში ორ თანამებრძოლთან - ვალენტინ სტეფანოვიჩთან და ვლადიმერ ლაბკოვიჩთან ერთად იმყოფებოდა. 

სტეფანოვიჩს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო ლაბკოვიჩს შვიდი წელი მიუსაჯეს. 

ბელარუსის დევნილმა ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა, რომ განაჩენი "უბრალოდ შემზარავია". ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ვებრძოლოთ ამ სამარცხვინო უსამართლობას და გავათავისუფლოთ ისინი.

კომენტარები