ტაბულას მთავარი რედაქტორის წერილი

არ დაუშვათ საქართველოს გარუსება – მთავარი რედაქტორის წერილი

საქმე ივანიშვილის ერთ რუსულ კანონს არ ეხება.

თავისთავად ცხადია, რომ თუ კანონპროექტი რუსულია, თუ მას რუსულად ასაბუთებენ, თუ მას ამერიკულსაც რუსულად უწოდებენ და თუ მას ანტიდასავლელები იღებენ, ე.ი, კანონი რუსულია. აქ რამე დასასაბუთებელი რომ დარჩენილიყო, დავასაბუთებდი, მაგრამ მჯერა, რომ თავი გვაქვს და არა კისრის გაგრძელება.

მთავარია, რა გვინდა. 

და რაც გვინდა, იმაში არა მხოლოდ სისხლი და ოფლი, მარტვილობა თუ მოსაგრეობა გავიღეთ საუკუნეების განმავლობაში, დეკადებია, იურიდიულადაც გავაფორმეთ და კონსტიტუციად დავდეთ “ღვთისა და ქვეყნის წინაშე”. 

არ ვიცი, ივანიშვილს ღმერთი ეპატარავება თვალში თუ ქვეყანა, მაგრამ ჩვენ გვინდა დასავლეთი.

დასავლეთი იმიტომ გვინდა, რომ ვართ კიდეც დასავლეთი.

ეს არის მთავარი. მთავარია ამის შეგნება:

ჩვენ კი არ მივდივართ დასავლეთისკენ, 

ჩვენ კი არ ვესწრაფვით დასავლურობას. 

გადასავლელება კი არ გვინდა. 

უკვე ვართ დასავლელები. 

უკვე ვართ დასავლეთი.

უკვე. 

აქ და ახლა.

რამდენი კრეტინული კულტუროლოგიური მჩხიბავობაც უნდა წაიკითხოთ, ჩვენი კულტურა არის დასავლური. 

ჩვენი არჩევანი იმიტომ იყო სულ დასავლური, რომ სულ და ყოველთვის ვიყავით დასავლელები.

სულ.

როცა გვამონებდნენ, ამონებდნენ დასავლელ ქართველ ხალხს.

როცა გვასუსტებდნენ, ასუსტებდნენ დასავლელ ქართველ ხალხს. 

როცა ვთავისუფლდებოდით, თავისუფლდებოდა დასავლელი ქართველი ხალხი.

და ამ გათავისუფლების შემდეგ, ჩვენი ძალების შესაბამისად და გამოცდილების ტვირთით, სულ იმიტომ ვაშენებდით დასავლურ სახელმწიფოს, რომ კვლავაც:

ისედაც სულ ვიყავით დასავლელები.

ახლა ივანიშვილს სურს, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყანა გაარუსოს.

გარუსება მას ძალაუფლების შესანარჩუნებლად უნდა.

გაუნათლებელი ოლიგარქისთვის სულ ერთია კომპასის ყველა მხარე - მთავარია, ქვეყანა მართოს თავისი მოკლე ჭკუითა და გრძელი ამბიციებით.

ამიტომ მართავს და აღასრულებს რუსულად. 

დასავლურად რომ მოიქცეს, ძალაუფლებას დაკარგავს, რომელიც მან სრულიად ანტიდასავლურად მიიტაცა და:

სასამართლოში მსაჯულებს რუსულად. 

ცენზურას აწესებს რუსულად. 

ეკლესიასთან ურთიერთობს რუსულად.

და რატომ, რა ან ვინ დაუშლის, რომ კანონებიც რუსული გამოსცეს?

ქართველი ხალხი დაუშლის. 

როგორ დაუშლის ქართველი ხალხი?

ქართველი ერი სხვებთან შედარებით ვართ ცოტა, თორემ ისე, მილიონები ვართ.

მილიონებმა რომ ვინმეს რამე დაუშალონ, ისინი უნდა ორგანიზდნენ. ორგანიზებისთვის მათ სჭირდებათ წესიერი წარმომადგენლები. სჭირდებათ წესიერი ინსტიტუტები, წესიერი მედია, წესიერი რელიგიური ინსტიტუტები, - წესიერი ტაძრები, მეჩეთები, სინაგოგები.

ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ წესიერი მთავრობა, კანონმდებლები და სასამართლო აირჩიონ. 

და რაც მთავარია, სჭირდებათ მათ მიმართ ნდობა.

ვართ და ვიყავით თუ არა ეს ინსტიტუტები საუკეთესოდ სანდოები? არა. 

კარგები? ხანდახან. 

ეფექტიანები? უიშვიათესად.

მაგრამ ივანიშვილს ფეხზე ჰკიდია, ფრიადოსანი ხარ თუ სამოსანი. 

წაგვიყენა რა ტესტი ევროკავშირმა, იმბეცილმა ოლიგარქმა გააცნობიერა, რომ ამ ტესტის ჩაბარება ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს, მისი ჩაგდება კი, ქართველი ხალხის რისხვას გამოიწვევს.

რომელი 12 პუნქტი უნდა განახორციელოს ივანიშვილმა - დეოლიგარქიზაცია? სასამართლო უნდა გაუშვას ხელიდან? ვისთან უნდა დეპოლარიზდეს? ხომ ცხადია, რომ ეს ტესტი წინასწარ ჩაგდებულია? ცხადია.

ამიტომ დადგა და შეუბერა ველურ, გაუთლელ ანტიდასავლურობას - მომავალში რომ რისხვა გაანეიტრალოს.

და ამ კამპანიის ფარგლებში, მარტო ლევან ბერძენიშვილის განგრძობადი მონაგავება კი არ სურს, ჩვენი, ყველას ანტიქართველად წარმოჩენა განიზრახა და ამიტომ მიჰყო ხელი თავისუფალი და მისგან ფინანსურად დამოუკიდებელი ინსტიტუტების მოგუდვას.

ფული ჩემი არ არის? ე.ი, ჩემი არ ხარ. 

მისი უნდა იყო, მასწავლებლებივით, გამგეობებში დასაქმებული ცოლისძმის ბიძაშვილებივით და კიდევ ვინ მოსთვალოს.

და მისი რომ იყო, უნდა გარუსდე.

გახსოვთ ის ბრალდება? წინა ხელისუფლებას რომ ახალი ქართველი გამოჰყავდა. აი, სწორედ ივანიშვილს გამოჰყავს ახლა ჩვენგან თინა კანდელაკები, სოსო პავლიაშვილები, ქეთა თოფურიები და სხვა საზიზღარი დებილები.

ახლა ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია. მოქალაქეების. 

ან თქვენ დაეხმარებით პროცესს, ან დასავლელ ქართველ ხალხს ისევ დაამონებენ.

თვითორგანიზების ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, იმიტომ, რომ თავი გვაქვს და არა კისრის გაგრძელება და წარმომადგენლობაც იმას უნდა მივანდოთ, ვისაც თავის მოფხანვა შეუძლია, მხრებზე მისი არსებობის ფაქტის გამო. 

ჩვენ ისევ დავრჩებით დასავლელებად, საკითხავია, დამონებული, გაღარიბებული, ტაძრებშებათქაშებული დასავლელები ვიქნებით ბევრი გარუსებულით, თუ თავისუფალი, მდიდარი, დასავლელები, რომელთაც პრორუსების დაცვა უმცირესობების უფლებების ფარგლებში უწევთ.

კომენტარები