ტაბულას მთავარი რედაქტორის წერილი

საახალწლო მედიტაცია

“ადამიანს აქვს ღმრთის ნოსტალჯია” - დამტვრეული ქართულით თქვა ამბიონზე ასულმა ქართველ კათოლიკეთა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ და მთელი ტაძარი გაირინდა.

ქრისტეშობის ღამეს, საქართველოს დედაქალაქის მთავარ კათოლიკურ საკათედრო ტაძარში დაგვიანებით მისულმა ცარიელი სკამი ამჯერადაც ვერ ვიპოვე და მეუფე ჯუზეპეს ეს სიტყვები გაყინულს მომწვდა სტოაში.

“როგორ მიყვარს კლასიკა!” - მხიარულად გადავულაპარაკე მეგობარს. ეპისკოპოსი ნეტარ ავგუსტინეს პერიფრაზირებდა. გაწაფული ყური გამიგებს, რომ ქადაგებებში ყოველთვის ასე არ გიმართლებს. 

დიდ დღესასწაულებზე იერარქებს ბეზრდებათ ხოლმე ერთი და იგივეს გამეორება და იმპროვიზირებენ.  

იმპროვიზაციასაც გააჩნია, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში თავს ვერ მალავს არაცნობიერი სურვილი, უმტკიცონ თანამედროვეობას, რომ ყავლი არ გასვლიათ, რომ მათ შეუძლიათ თქვან რაღაც ახალი იმაზე, რაც მუდამ ახალია.

“რა დროს ნეტფლიქსია, დაეყრდენი რა ოქროპირს” - მეფიქრება ხოლმე გატანჯულს, როცა რომელიმე იერარქის მორიგ გაბრძოლებას ვუყურებ. 

მე მათი ქადაგება მიყვარს, ვინც წუთისოფელს არ ეპრანჭება და ვისაც არ ეზარება მეათიათასედ გაიმეოროს ის, რაც მართალია და ისე, როგორც უკეთესია. 

თუნდაც მარტომ და თუნდაც ცარიელ ტაძარში.

რა თქმა უნდა, მარტოობასა და სიცარიელეში არაფერია კარგი, მაგრამ ჭეშმარიტება - როგორც ემირიტუსი პაპი ბენედიქტე ამბობდა - არ საჭიროებს ხმათა უმრავლესობას. უმისობა არის კიდეც ნამდვილი მარტოობა და სიცარიელე.

“არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ განისვენებს შენში”, - წერდა ავგუსტინე, თავის უკვდავ აღსარებანში და მე ეს თავისთავადი სიცხადე მგონია.

და არა, არ არის ეს მხოლოდ რელიგიური სიტყვა, მას არ დაფუძნებია მხოლოდ ჩვენი რელიგია. პოლიტიკური უფლებები და თავისუფლებები, რომლითაც თითოეული ვსარგებლობთ, იმავე ენით გამოაცხადეს. 

ამერიკის დამფუძნებელი მამები არ იყენებდნენ კვლევებს, როცა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში წერდნენ: “ჩვენთვის თავისთავად ცხადია ჭეშმარიტება, რომ ადამიანები შექმნილნი არიან როგორც თანასწორი არსებანი, რომ მათ ღმერთმა მიანიჭა გარკვეული ხელშეუვალი უფლებები, როგორიცაა სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისკენ სწრაფვა”. 

ეს წინასაახალწლო მედიტაცია (არ აგვერიოს რეფლექსიაში) იმაზეა, რაც ჩვენს დროში ასე დამცრობილია - ჭეშმარიტების გამეორების აუცილებლობაზე. 

ჭეშმარიტების მთავარი მტერი ხშირად არა სიცრუე, არამედ მობეზრებაა. 

დგება დრო, როცა ყველა ფიქრობს, რომ სიმართლე მოძველდა, ან ბანალურია. 

ფიქრობს, რომ შეუძლია, იმაზე უკეთ გამოთქვას - ვიდრე ჭეშმარიტია და იმაზე ახლებურად - ვიდრე მარადიულია.

ჭეშმარიტების მტერს კიდევ ერთი საყვარელი ფრაზა აქვს: “ეს ხომ ყველამ იცის”. ვინ მოსთვლის, რამდენჯერ დამარცხებულა სიკეთე, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი კიდევ ერთხელ გამოქომაგება უსარგებლოდ მიუჩნევიათ?

მიუხედავად უკრაინის დიდი გამარჯვებებისა, განვლილი 2022 წელი მრავალმა შეაფასა ისე, როგორც სრულიად სხვა მიზნით, 1992 წელს უწოდა შესვენებულმა დედოფალმა ელისაბედმა - Annus horribilis.

საშინელი წელი.

მაშინ კრიტიკოსები ამბობდნენ, ის ფაქტიც კი, რომ ეს ფრაზა მონარქმა ლათინურად თქვა, საუკეთესოდ მეტყველებს, რომ სამეფო ოჯახი თანამედროვეობისგან ატროფირებული ანაქრონიზმიაო.

მაგრამ შეიყვარა კი ჭეშმარიტება მან, ვინც მოიძულა ლათინური?

2022 წელს ევროპის შუაგულში საშინელება იმიტომაც დატრიალდა, რომ ჭეშმარიტება ბოროტების იმპერიის დაბრუნების შესახებ ჩვენს ცივილიზაციაში ყველას ცხვირწინ ედო და გვერდს უვლიდა.

ამ გენოციდურმა ომმა გვაჩვენა, რომ აკადემიის, მედიის, პოლიტიკური კლასის ღირებულებათა რელატივიზება და ტყუილთან შეთამაშება ბოროტების სახლში მოპატიჟებას ნიშნავს.

მაგრამ რამდენჯერაც უნდა ჩაუკეტო კარი სიმართლეს, რამდენჯერაც უნდა უარყო ბოროტების არსებობა, ის ან ფანჯრიდან გადმოძვრება, ან საზღვრებთან მოგადგება ტანკით.

“დაქენსელებული” ჩერჩილის, ტეტჩერისა და რეიგანის ციტირება გასულ წელს იმათაც უწევდათ, ვინც ეს უკანასკნელნი დააქენსელა.

დაბრუნდნენ გმირები და ანტიგმირები. დაბრუნდა ჭეშმარიტება, რომ სამყარო მრავალფეროვანი კია, მაგრამ რეალობა ზოგჯერ შავ-თეთრია. 

დაბრუნდა იმიტომ, რომ კაცობრიობის საუკეთესო გამოცდილებათა უსაზღვრო განახლება შეუძლებელია, რომ ახალმა შეიძლება და აუცილებლად უნდა შეცვალოს ძველი, მაგრამ მან არ შეიძლება, წალეკოს ყველაფერი.

წალეკოს წარუვალი ღირებულებები, ჩვენი საუკეთესო გამოცდილება, წალეკოს თავისუფლებისთვის ყოველდღიური ბრძოლის აუცილებლობა, წალეკოს სიკეთისა და ბოროტების გარჩევის უნარი, წალეკოს მორალური და ეთიკური სიცხადე, რადგან ჭეშმარიტების გარეშე ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ჯანმრთელად - ეს გინდ ავგუსტინეს უთქვამს და გინდ ფსიქოთერაპევტს.

მრავალ ახალ წელს.

კომენტარები