დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა ირანიდან მომავალ გემზე კონტრაბანდული იარაღი აღმოაჩინეს

დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ინფორმაციით, გასულ თვეს ომანის ყურეში გააჩერეს გემი, რომლის საშუალებითაც ირანული წარმოების იარაღი, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სისტემები არალეგალურად გადაჰქონდათ

გაერთიანებული სამეფოს ცნობით, აშშ-ს უპილოტო საფრენი აპარატისა და სადაზვერვო თვითმფრინავის მიერ ხომალდის გადაადგილება ირანიდან სამხრეთის მიმართულებით ღამის საათებში შეინიშნა. ბრიტანეთის ვერტმფრენის დახმარებით მოხდა ხომალდის ტრაექტორიის განსაზღვრა.

დიდი ბრიტანეთის  სამხედრო საზღვაო ფლოტის გამოჩენის შემდეგ გემმა მიმართულების შეცვლა და ირანის წყლებში დაბრუნება სცადა, თუმცა საზღვაო ძალებმა ამის საშუალება არ მისცეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს უწყებით, გემზე საეჭვო პაკეტები აღმოაჩინეს.  

"აღნიშნული ინციდენტი და ომანის ყურეში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი მეთვალყურეობა მოწმობს ჩვენს შემართებას, დავიცვათ საერთაშორისო სამართალი და მოვახდინოთ ყველა იმ საფრთხის პრევენცია, რომელიც მსოფლიოში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება". - თქვა მომხდართან დაკავშირებით ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა. 

კომენტარები