სახალხო დამცველი

იოსელიანი გვარამიას: შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი

პარტია მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი და სახალხო დამცველობის კანდიდატი, ლევან იოსელიანი მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას კითხვას პასუხობს. იოსელიანის თქმით, გვარამიას პატიმრობა პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი. 

გუშინ, 1-ელ მარტს გვარამიამ იოსელიანს ჰკითხა, არის თუ არა ის პოლიტპატიმარი და ეთანხმება თუ არა მოქალაქეების ლიდერი საკითხზე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას დასკვნას.  

"ნამდვილად სწორია, პატიმრობაში მყოფმა ადამიანმა საჯაროდ დაუსვას შეკითხვები სახალხო დამცველობის კანდიდატს. მეც მზად ვარ, საჯაროდ დასმულ ყველა შეკითხვას, პასუხი ასევე საჯაროდ გავცე. მიმაჩნია, რომ ჩემი განცხადებები შენს საქმესთან დაკავშირებით არასდროს ტოვებდა ორაზროვან შთაბეჭდილებას, მაგრამ ვხვდები, საშუალება არ გქონდა ყველაფრისთვის მიგედევნებინა თვალი. შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.

რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი.

და ბოლოს მინდა გისურვო, მხნეობა და მალე განთავისუფლება პატიმრობისგან, რომელსაც ვთვლი, რომ ღირსეულად იტან". - უპასუხა იოსელიანმა ნიკა გვარამიას. 

ლევან იოსელიანმა ასევე უპასუხა ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის კითხვას "აგენტების" კანონთან დაკავშირებით - მისი შეფასებით, კანონი ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია. 

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ იოსელიანი წერს, რომ სახელმწიფომ მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების მიწოდება უნდა უზრუნველყოს, მის პოლიტპატიმრობაზე კი, იოსელიანის სიტყვებით, შეფასება ომბუდსმენის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება.  

"საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის დამოკიდებულება ე.წ აგენტების კანონის შესახებ. ის არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი. ინიცირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას.

რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება.

რაც შეეხება უმცირესობების დაცვის საკითხს, ჩემი შეხედულებით სახალხო დამცველის ინსტიტუტის უმთავრესი ამოცანა და მიზანი სწორედ მათი და საზოგადოების ყველა სხვა დაუცველი ჯგუფის უფლებების დაცვა და რეალიზებაა, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა სხვებთან ერთად თანასწორად ისარგებლონ თავიანთი უფლებებით, რაც უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათ სრულყოფილ მონაწილეობას". - წერს იოსელიანი. 

იოსელიანის სიტყვებით, ვერ მიიღებს ენმ-ს წევრის, ანი წითლიძის პრეტენზიას, რომ ნეიტრალური არ იქნება. 

"მეც გიდასტურებ ჩემს პიროვნულ პატივისცემას და ამის შესახებ შენც ძალიან კარგად იცი. თუმცა, იმასთან დაკავშირებით, რომ მე არ ვიქნები ნეიტრალური, ვერ მივიღებ პრეტენზიას იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელმაც მეცხრე მოწვევის პარლამენტში წინა სახალხო დამცველს სწორედ არანეიტრალურობის მოტივით არ დაუჭირა მხარი. თუმცა, ამავე დროს მთხოვ ვიყო, ლომჯარია, ბურჯანაძე და ჯანეზაშვილი.

ჩემი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში ნამდვილად ვერ გავხდები ვერც ლომჯარია, ვერც ბურჯანაძე და ვერც ჯანეზაშვილი, ვინაიდან ვიყავი, ვარ და ვიქნები ლევან იოსელიანი". - დაწერა მან.  

ლევან იოსელიანის კანდიდატურას დღეს, 2 მარტს, ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

კომენტარები