პერუ

პერუში პოლიციამ კურიერის ჩანთაში მუმია აღმოაჩინა

პერუში ადგილობრივმა პოლიციამ ჩხეკის დროს კურიერის ჩანთაში [მცირე ზომის მაცივარი] მუმია აღმოაჩინა. ახალგაზრდა მამაკაცმა პოლიციის ყურადღება ქალაქ პინოში, არქეოლოგიურ მოედანზე "არაფხიზელი ადამიანისთვის დამახასიათებელი ქცევით" მიიპყრო.

ახალგაზრდა კურიერის თქმით, მუმია, რომელსაც ის "ხუანიტას" უწოდებდა, მისი "სულიერი მეგობარი გოგონა" იყო და მას საკუთარ ოთახში, სპეციალურ ყუთში ინახავდა. მამაკაცი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მუმია მამამისის საკუთრება იყო, თუმცა, არ აკონკრეტებს, თავდაპირველად საიდან ან როგორ მოხვდა მუმია მათ ოჯახში.

როგორც ახალგაზრდა მამაკაცი აღნიშნავს, მან მუმიის კურიერის ჩანთაში მოთავსება მეგობრებთან წასაღებად და მათთვის საჩვენებლად გადაწყვიტა.

ადგილობრივი ექსპერტების ცნობით, მუმიფიცირებული სხეული 600-დან 800 წლამდე ასაკისაა და არა ქალი [როგორც ეს ახალგაზრდა კურიერს ეგონა], არამედ  ზრდასრული მამაკაცი იყო. მათი თქმით, გარდაცვალების დროს მამაკაცი 45 წელს იყო გადაცილებული, მისი სიმაღლე კი 1.51 მეტრს შეადგენდა.

პოლიციის განცხადებით, მუმია პერუს კულტურის სამინისტროს გადაეცა. ახალგაზრდა კურიერი და მისი ორი მეგობარი კი დააკავეს, მათ წინააღმდეგ  გამოძიება პერუს კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი, სავარაუდო დანაშაულისთვის მიმდინარეობს.

პერუში გარდაცვლილების ემბრიონულ პოზაში მუმიფიცირება ქვეყანაში ესპანელი კონკისტადორების შესვლამდე კულტურის ნაწილი იყო. მუმიების ნაწილს მარხავდნენ, ნაწილი კი, სხვადასხვა ფესტივალის დროს აღლუმებზე გამოჰქონდათ.

კომენტარები