შვილზე ძალადობა

გურჯაანში 2 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

გურჯაანში 2 წლის შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს ითხოვდა. 

"შს სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 22 თებერვალს ბარალდებულმა ძალადობრივი ქმედება განახორციელა საკუთარი მცირეწლოვანი, 2 წლის ასაკის შვილის მიმართ. მცირეწლოვანმა მიიღო მძიმე დაზიანებები, მოტეხილობები, რის გამოც ის 23 თებერვალს გადაიყვანეს საავადმყოფოში. ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან მაღალი იყო რისკი იმის, რომ ბრალდებულის მხრიდან გაგრძელებულიყო დანაშაულებრივი საქმიანობა, ასევე მომხდარიყო ზემოქმედება მოწმეებზე".- ამბობს პროკურორი. 

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. 

23 თებერვალს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბავშვს სხეულზე, სხვა დაზიანებებთან ერთად, დამწვრობის კვალიც აქვს. ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს ბებიამ შეატყობინა.  

"დაზიანებები აქვს სხეულზე, სახეზე, ხელზე და დამწვარი არის ფეხთან, მუცელზე, ხელებზე... ხელები გასიებული ჰქონდა, სულ შავი ჰქონდა თვალი". - ამბობს ბებია რუსთავი 2-თან. 

მცირეწლოვანი სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.  

"აღენიშნება ტკივილი მუცლის არეში, მუცლის შებერილობა. აქვს დამწვრობის მიდამოები მუცლის წინა კედელსა და ორივე ქვემო კიდურის არეში". - ამბობს ექიმი, გელა ორველაშვილი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვის მამა სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დააკავა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.  

კომენტარები