რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Si vis pacem, para bellum – რუსეთ-უკრაინის ომის გაკვეთილები

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Si vis pacem, para bellum – რუსეთ-უკრაინის ომის გაკვეთილები

უკვე ერთი წელი გავიდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ფრონტზე არსებული სიტუაცია, პირველ დღეებთან შედარებით, კიევის სასარგებლოდ მიმდინარეობს. მითი რუსეთის კონვენციური ძალების ძლიერებაზე განადგურებულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, კონფლიქტის დასასრული, მით უმეტეს, მოლაპარაკებების გზით, ჯერჯერობით არ ჩანს. ამის მიზეზი მარტივია – უკრაინას არ სურს, დათმოს საკუთარი ტერიტორიები, თანაც დიდი სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის მიწები და ეს მიდგომა სწორიც არის, ვლადიმირ პუტინი კი გასული წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შევიდა ჩიხში, რომლიდან ხელცარიელი გამოსვლა მის პოლიტიკურ რეჟიმს ძვირად დაუჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა, მისგან იმაზე მეტის სწავლაა შესაძლებელი, ვიდრე ცივი ომის შემდგომი სხვა კონფლიქტებისგან. ეს მოვლენები არის გაკვეთილი ჩინეთისთვის, ტაივანისთვის, აშშ-სთვის, მთელი ევროპისთვის, კავკასიის რეგიონისთვის, უკრაინისა და, რა თქმა უნდა, თავად რუსეთისთვისაც. საკითხავი არის ის, თუ რამდენად შეძლებენ მხარეები ამ გამოცდილების გაანალიზებასა და სწორი დასკვნების გამოტანას.

კონვენციური ძალების მნიშვნელობა ბირთვული სახელმწიფოებისთვის

გამოცემა Foreign Policy-ის მრავალავტორიან სტატიაში, სათაურად “გაკვეთილები მომდევნო ომისთვის”, აშშ-ს თავდაცვის მდივნის ყოფილმა თანაშემწემ და ჰარვარდის კენედის სკოლის პროფესორმა, გრემ ალისონმა საკუთარი ქვეთავი ბირთვული იარაღის მნიშვნელობას მიუძღვნა. მისი თეზისი შემდეგი იყო – "ბირთვული იარაღი კვლავ მნიშვნელოვანია". რა თქმა უნდა, გრემი აზრობრივად სწორს ამბობს, როცა მასობრივი განადგურების ამ იარაღზე საუბრობს, თუმცა არის ეს გაკვეთილი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა გვასწავლა? – არა. 

ცივი ომის შემდეგაც კი, ბირთვული სახელმწიფოებისთვის ამ იარაღის მნიშვნელობა არასდროს ყოფილა მივიწყებული, პირიქით, ამ ფაქტორზე დამოკიდებულება, შეიძლება ითქვას, ზედმეტად დიდიც კია, განსაკუთრებით დასავლეთისთვის. აშშ-ს ბირთვული ქოლგის ქვეშ მყოფმა NATO-ს მოკავშირეებმა ალიანსის მე-5 მუხლის წყალობით თავი იმდენად მშვიდად იგრძნეს, რომ ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო დანახარჯები და შესაძლებლობები უკიდურესად შეამცირეს. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები კი სწორედ იმას მიუთითებს, რომ არათუ პარტნიორის ბირთვული ქოლგის ქვეშ მყოფი სახელმწიფოები, არამედ თავად ბირთვული ქვეყნებიც ვერ იქნებიან მხოლოდ მასობრივი განადგურების იარაღის იმედად, თუ კონვენციური ძალები სუსტ მდგომარეობაშია.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მითი, რუსეთის ძლიერ არმიაზე ერთი ხელის მოსმით ჩამოიშალა. წლების მანძილზე რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კორუფცია ძირს უთხრიდა. ომის პირველივე კვირებში გამოჩნდა ოკუპანტების შეიარაღებასთან და მომარაგებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები. კრემლის არმია, რეალურად, მსგავსი კამპანიისთვის მზად არ იყო. კიევზე ბლიცკრიგის გეგმა მალევე ჩაიშალა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავება ომის დაწყებიდან მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეძლეს. შესაბამისად, მხოლოდ ბირთვული იარაღის ფლობა და მისი მეშვეობით მოწინააღმდეგის შანტაჟი ბრძოლის ველზე ტაქტიკური უპირატესობის მოპოვებაში ვერ დაგეხმარება.

NATO-ს კონვენციური ძალების პრობლემები

რუსეთის კონვენციური ძალების მარცხი NATO-ს ყოველი ქვეყნისთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ საკუთარი არმიების რაოდენობა და სამხედრო ხარჯები გაზარდონ. 2006 წელს რეკომენდაციას, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს სამხედრო სფეროსთვის მშპ-ს მინიმუმ 2% უნდა დაეთმოთ, ყურადღება მხოლოდ ბოლო მოვლენების შემდეგ მიაქციეს, თუმცა ცვლილებები ჯერაც არ შეინიშნება.

NATO-ს წევრების სამხედრო დანახარჯები Statista-ს მიხედვით

რეალურად, NATO-ს ევროპული წევრების კონვენციური სამხედრო შესაძლებლობები დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაგალითისთვის, გერმანიის ბუნდესვერი (ფედერალური თავდაცვა) დიდ რეფორმებსა და ცვლილებებს საჭიროებს. Deutsche Welle-ს ცნობით, თუ 1989 წელს (გერმანიის გაერთიანებამდე) ბუნდესვერში 490 000 სამხედრო ირიცხებოდა, დღეს ეს რიცხვი 180 000-მდეა შემცირებული, თუ 1989 წლისთვის საბრძოლო მდგომარეობაში 5 000-მდე ტანკი ჰყავდათ, დღეს მხოლოდ 300-მდეა გამართული. გერმანიას აქვს რეკრუტირების პრობლემები, ყაზარმები ცუდ მდგომარეობაშია, სამხედროებს კი საკმარისი პირადი აღჭურვილობა ან საერთოდ არ გააჩნიათ, ან მოძველებულია. ამას გარდა, ბუნდესვერს აღარ ჰყავს საკუთარი სარდლობა, შესაბამისად, მის ფუნქციონირებაში, დიდწილად, ჩართულია თავდაცვის სამინისტრო, რაც პროცედურებს აჭიანურებს. გერმანიის არმია 2015 წელს კომიკურ სკანდალშიც კი გაეხვა, როცა გაირკვა, რომ NATO-ს ვარჯიშებზე რეალური შეიარაღების ნაცვლად ცოცხებს იყენებდნენ. როგორც დასავლურ მედიაში გასულ წლებში წერდნენ, ბუნდესვერის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ "არ გააჩნიათ დავალებების შესაბამისი აღჭურვილობა" და ოპერაციული მზაობა "სახიფათოდ დაბალი" აქვს. ამავე მონაცემებით, 2018 წელს გერმანიას 244 Leopard 2-ის ტანკიდან საბრძოლო მზადყოფნაში მხოლოდ 95 ერთეული ჰყავდა. 

გერმანიის სამხედროების რაოდენობა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში

თითქოს, ბოლო მოვლენები ბერლინს გამოფხიზლებაში უნდა დახმარებოდა. კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეს "გარდამტეხი წერტილი" უწოდა და თქვა: "ცხადია, ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში მეტი ფული უნდა ჩავდოთ". თუმცა გარდამტეხი მოვლენები საკმაოდ ნელა ვითარდება. შოლცის სიტყვებიდან 3 თვის შემდეგ მთავრობამ ჯარის დაფინანსებისთვის 100 მილიარდი ევროს ღირებულების სპეციალური ფონდის გამოყოფა დაამტკიცა და მხოლოდ ამ მოვლენების შემდეგ დადეს პირობა, რომ მშპ-ს 2%-იანი სამხედრო ხარჯების მოთხოვნას დააკმაყოფილებდნენ. ამ ყველაფრის მიუხედავად, თავდაცვის სფეროში არსებული ბიუროკრატია პროცესს აჭიანურებს. გამოყოფილი სპეციალური თანხის დახარჯვა ბერლინმა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყო, შეიარაღების შეკვეთასა და დამზადებას კი წლები დასჭირდება. გერმანიის Zeitenwende-ს (ისტორიული გარდამტეხი წერტილი) გამოცხადებიდან მალე ერთი წელი გავა, თუმცა ბუნდესვერის მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. ამ ყველაფერთან ერთად, უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება და საბრძოლო მასალები, რომლებიც ბუნდესვერმა საკუთარ მარაგებში უნდა აღადგინოს, ჯერაც არ შეუკვეთიათ.

გერმანია NATO-ს ქვეყნების კონვენციური ძალების საბრძოლო მზაობის პრობლემების მხოლოდ ერთი მაგალითია. კითხვის ნიშნები სხვა ქვეყნებთან დაკავშირებითაც არსებობს, განსაკუთრებით, დასავლეთ ევროპასთან მიმართებით. RAND Corporation-ის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საფრანგეთს დასავლეთ ევროპაში ყველაზე სანდო ჯარი ჰყავს, გააჩნია მძიმე სახმელეთო ძალებისა და არტილერიის უპირატესობა და საჭიროების შემთხვევაში, მომდევნო 10 წელში, შეეძლება, აშშ-ს აღმოსავლეთ ევროპის ფრონტზე ოპერაციულად დაეხმაროს. თუმცა, ამავე ანგარიშში აღნიშნულია, რომ პარიზს არასაკმარისი შესაძლებლობები აქვს და ხანგრძლივ კამპანიას ვერ აწარმოებს.

აშშ-ს სამხედრო წარმოება და საბრძოლო მასალის უკმარისობა

აშშ-ს მიერ თავდაცვისთვის დიდი ხარჯების გამოყოფა გასულ წლებში NATO-ს დანარჩენ ქვეყნებს საკუთარი ჯარის დაფინანსების გაზრდის მოტივაციას არ უზრდიდა, მთავრობებს არ სურდათ, გადაედგათ ეს ნაბიჯი, რომელიც საკუთარ საზოგადოებებში არაპოპულარულია. ვაშინგტონის იმედზე ყოფნის მიუხედავად, დღეს თავად ამერიკის სამხედრო წარმოება და ხარჯები არასაკმარისია. ცნობები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ფონზე აშშ-ს ზოგიერთი იარაღის საბრძოლო მასალა ელევა და ზოგიერთ დანადგარს, მაგალითად ATACMS-ის რაკეტებს კიევს მათი სიმცირის გამო ვერ აწვდის, სწორედ წარმოების გაზრდის საჭიროებაზე მიუთითებს. 

სამხედრო წარმოების დროულად გაზრდა თუ ვერ მოხერხდება, ეს გრძელ ვადაში, შესაძლოა, არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ, მოკლე ვადაში უკრაინისთვის გახდეს პრობლემა. მაგალითისთვის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (CSIS) უფროსი მრჩეველი, ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი, ამერიკელი პოლკოვნიკი მარკ ქანსიანი გასული წლის სექტემბერში, ცნობებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-მ უკრაინას ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მარაგის 1/3 გადასცა. კიევმა ვაშინგტონისგან გასულ თვეებში 8 500-ზე მეტი ჯაველინი მიიღო, როცა მათი ამჟამინდელი წარმოება წელში 1 000 ერთეულია. პენტაგონი ამ რიცხვის გაზრდაზე მუშაობს, თუმცა ამ პროცესს წლები დასჭირდება. ქანსიანი ასევე განიხილავდა შესაძლებლობას, ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მსგავსად, ვაშინგტონმა კიევს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა (MLRS) და HIMARS-ებისთვის საჭირო M30-ისა და M31-ის ტიპის მართვადი რაკეტების 1/3 რომ გაუგზავნოს. მისი ინფორმაციით, აშშ-ს მარაგებში მსგავსი საბრძოლო მასალების რაოდენობა დაახლოებით 25 000-30 000 ერთეულია. ამჟამად, მათი წლიური წარმოება მხოლოდ 5 000 არის. როგორც ქანსიანი წერს, უკრაინამ მსგავსი 8 000-10 000 რაკეტა რომ მიიღოს, რამდენიმე თვე ეყოფათ, თუმცა მისი ამოწურვის შემდეგ, ალტერნატივას ვერ იპოვიან. შეიძლება პოლკოვნიკი ოდნავ აჭარბებს, როცა ამბობს, რომ ამ მართვადი რაკეტების ალტერნატივის პოვნა შეუძლებელი იქნება, რადგან ძველი მოდელის M26-ის ტიპის უმართავ რაკეტებზე შესაძლებელია დამონტაჟდეს კიევისთვის გამოყოფილი GLSDB-ის სისტემა, რაც მათ GPS-ით მართვის საშუალებას იძლევა. თუმცა, ეს ალტერნატივა პრობლემას ნაწილობრივ მხოლოდ უკრაინისთვის ჭრის, აშშ-მ კი M30-ებისა და M31-ების წარმოების რაოდენობა და ტემპი მაინც უნდა გაზარდოს, რასაც პენტაგონი ცდილობს, თუმცა, ჯერჯერობით, ფაქტობრივი ცვლილების დანახვა შეუძლებელია.

სამხედროების მიერ მოხატული HIMARS-ი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

აშშ-ს კონგრესის მიერ გამოცხადებული თავდაცვის დაფინანსების გაზრდის გეგმების მიუხედავად, ჩნდება განცდა, რომ ვაშინგტონი სამხედრო შესაძლებლობების გასაძლიერებლად საკმარისს არ აკეთებს. მაგალითისთვის, აშშ 2 წლის შემდეგ თვეში 155-მმ.-იანი 14 000 ჭურვის ნაცვლად, მინიმუმ, 90 000 ერთეულის დამზადებას აპირებს. ერთი შეხედვით, დიდი ზრდაა, რადგან წარმოება გაექვსმაგებულია, თუმცა, ამ საბრძოლო მასალასთან მიმართებაში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ უკრაინის დაახლოებითი წლიური დანახარჯი. მედიის ინფორმაციით, უკრაინა ყოველდღიურად დაახლოებით 4 000-7 000 ჭურვს ისვრის. თუ ეს რიცხვი რეალურია, გამოდის, რომ ოკუპანტების მოსაგერიებლად კიევის ძალებს ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ჭურვის გამოყენება მოუწევთ. ამ რაოდენობის საბრძოლო მასალა გამოყენებულია მხოლოდ ერთ ფრონტზე, როცა ბრძოლები ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს. აშშ კი უფრო ფართო კონფლიქტისთვის უნდა ემზადებოდეს, სადაც გახსნილი იქნება რამდენიმე ფრონტი. შესაბამისად, ამ გადმოსახედიდან, თვეში, მინიმუმ, 90 000, ანუ ყოველწლიურად მილიონზე ოდნავ მეტი საარტილერიო ჭურვის წარმოება საკმარისი არაა.

ნელი არის უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღების ჩანაცვლების ტემპიც. მართალია, აშშ-ს კონგრესმა ამ ახალი აღჭურვილობის შესაძენად საკმარისი თანხა, დაახლოებით $10 მილიარდი გამოყო, თუმცა პროცესი საკმაოდ ნელია. 2022 წლის სექტემბრისთვის ჯერ მხოლოდ $1.2 მილიარდის ღირებულების შეიარაღება იქნა შეკვეთილი.

კონვენციური საბრძოლო მასალის წარმოების ცვლილების საჭიროებას აშშ-ს გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილიც აღიარებს და ამბობს, რომ მსგავსი ჭურვების გამოყენების სიხშირე ამ ომის ერთ-ერთი გაკვეთილია. 

მასობრივი განადგურების არსენალის ფლობის მიუხედავად, NATO-ს ქვეყნებმა ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება სასწრაფოდ უნდა დაიწყონ. ბირთვული იარაღი მათ მფლობელებს შორის გარკვეული შემაკავებელი ძალაა, რადგან პატიმრის დილემის მსგავსი სიტუაცია წარმოიქმნება: ერთ-ერთი მხარის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება საპასუხო გამანადგურებელ დარტყმას ნიშნავს. ამ დოქტრინას შემოკლებით უწოდებენ MAD-ს, რაც ორმხრივად გარანტირებულ განადგურებას (mutual assured destruction) ნიშნავს. ამიტომაც დაპირისპირებულები ერთმანეთთან პირდაპირ შეტაკებას შეძლებისდაგვარად თავს არიდებენ, საერთო კეთილდღეობისთვის. როგორც აშშ-ს მე-40 პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა 1985 წელს თქვა: "ბირთვულ ომს გამარჯვებული ვერ ეყოლება და ის არასდროს უნდა დაიწყოს". ამ საფრთხის მიუხედავად, რა მოხდება, თუ ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთვებიან? მყისიერად გამოიყენებენ მასობრივი განადგურების იარაღს, თუ თავდაპირველად თავს შეიკავებენ და კონფლიქტში კონვენციური ძალებით გამარჯვებას ეცდებიან? პასუხის გაცემა რთულია, რადგან ბირთვული ომის მომსწრეები არ ვყოფილვართ. სწორედ ამ გაურკვევლობის გამო საჭიროა, რომ NATO-ს კონვენციური ძალები კარგ ფორმაში იყვნენ. 

აღსანიშნავია, რომ აშშ-მ კონვენციური ძალების გარდა, დროა არაკონვენციური არსენალის გაუმჯობესებაზეც იფიქროს, რადგან მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, საფრთხე არამხოლოდ რუსეთი, არამედ ჩინეთიც იქნება. სტრატეგიული ბირთვული იარაღის გარდა ვაშინგტონმა უნდა გააუმჯობესოს შედარებით პატარა სიმძლავრის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღებაც, რომლის წარმოებაც ამერიკამ ცივი ომის შემდეგ, ფაქტობრივად, შეაჩერა. სწორედ მსგავსი დანადგარების მეშვეობით, რუსეთი საკუთარ თავს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს უქმნის. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მ მოსკოვის მიერ უკრაინაში მსგავსი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით წინასწარ, ცხადად განსაზღვროს თუ რა იქნება მათი პასუხი.

ატომური არტილერიის გამოცდა აშშ-ში, ნევადა, 1953 წლის 25 მაისი.

სტრატეგიებისა და ტაქტიკების გადახედვის შესაძლებლობა

ეს კონფლიქტი NATO-ს ქვეყნებისთვის და პირველ რიგში აშშ-სთვის არის შესაძლებლობა, გადახედოს საკუთარ სამხედრო დოქტრინას, რომელიც ძირითადად ბოლო ათწლეულებში ავღანეთსა და ერაყში მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიებსა და ტაქტიკებს ეყრდნობა და სამხედრო წარმოებაც სწორედ ამ მახასიათებლებზეა ადაპტირებული.

თუ არსებობდა მოლოდინი, რომ 21-ე საუკუნეში ომები მოდერნული იქნებოდა და მისი მსვლელობის დროს მოწინავე ტექნოლოგიებს გამოიყენებდნენ, უკრაინის მოვლენებმა ეს მოსაზრებები გააქარწყლა. ამ კონფლიქტმა მე-20 საუკუნის ინდუსტრიული ბრძოლა დააბრუნა, რაც არტილერიის ჭარბ გამოყენებასა და სანგრების გრძელ ხაზებს მოიაზრებს. რა თქმა უნდა, არსებობს თანამედროვე დეტალებიც, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება, თუმცა, თავისი ფორმით, მთლიანობაში ეს ინდუსტრიული სახის ბრძოლაა.

მსგავს გარემოში მოქმედებისთვის რეალურად მზად არც რუსეთის შეიარაღებული ძალები იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კრემლს ფართო არმიის შენარჩუნება აღარ შეეძლო და დიდი დივიზიები, რომელთა დანიშნულებაც ხანგრძლივ სახმელეთო ომში მონაწილეობა იყო, ჩანაცვლდა შედარებით მცირე ზომის ბრიგადებითა და ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფებით (BTG). რეალურად მსგავს კონფლიქტში, რომელშიც ფრონტის ხაზი დიდ მანძილზეა გადაჭიმული, ბრძოლები კი ხანგრძლივი და ინტენსიურია BTG-ების გამოყენება რთულია, ამას ამბობდნენ აშშ-ს არმიის ანალიტიკოსებიც – ჩარლზ ბარტლსი და ლესტერ გრაუ.

უკრაინელი სამხედროები ბახმუტის მახლობლად რუსულ პოზიციებს საარტილერიო ცეცხლს უხსნიან. 2022 წლის 20 ნოემბერი.
AP

რუსეთის არმიამ ბოლო მნიშვნელოვანი რეფორმაცია 2008 წელს გაიარა. ჯარი ისე გადაეწყო, რომ მისი ძირითადი დანიშნულება უფრო მეტად შეიარაღებულ დაჯგუფებებთან და მცირე არმიებთან დაპირისპირება იყო, ვიდრე დიდი მეტოქე სახელმწიფოების შეიარაღებულ ძალებთან სრულმასშტაბიანი ბრძოლა. ეს რეფორმები გააკრიტიკა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, გენერალმა ვიქტორ სობოლევმაც. მისი აზრით, 2008 წლის რეფორმებმა ჯარს ზიანი მიაყენა. რუსი გენერლის თქმით, მაშინ იქმნებოდა "ბოევიკებთან" საბრძოლველი "მობილური და კომპაქტური არმია", რადგან თვლიდნენ, რომ სერიოზული გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები აღარ ეყოლებოდათ. სობოლევმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ შეხედულების "შედეგებს იმკიან".

შესაბამისად, აშშ-ს ეძლევა შანსი საკუთარი დოქტრინა ერთის მხრივ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშვებული შეცდომებით ისწავლოს, მეორეს მხრივ კი მათივე შეიარაღებისა და ტაქტიკების უკრაინის მიერ გამოყენებით. კონფლიქტი აჩვენებს იმას, თუ რა გარემოებაში რა ტაქტიკები და რა შეიარაღება ამართლებს, რის საფუძველზეც, მომავალში შესაძლებელი იქნება დასკვნების გამოტანა, თუ რაზე ღირს აქცენტების გაკეთება, რისი წარმოებაა გასაზრდელი და რისი შესამცირებელი. ეს მოვლენები აშშ-სთვისა და NATO-ს მოკავშირეებისთვის უნდა გახდეს სახელმძღვანელო, ისე, როგორც 1973 წელს, არაბულ ქვეყნებსა და ისრაელს შორის გამართული იომ კიპურის ომი იყო. იომ კიპურის კონფლიქტმა აშშ-ს საშუალება მისცა შემფასებლის თვალით დაჰკვირვებოდა ისრაელის მიერ გამოყენებული ამერიკული შეიარაღებისა და ტაქტიკების პირდაპირ დაპირისპირებას არაბული ქვეყნების მიერ გამოყენებულ საბჭოთა ტექნიკასთან და სტრატეგიებთან. ისრაელის გამარჯვების მიუხედავად, ვაშინგტონი შედეგით უკმაყოფილო იყო, რადგან ებრაულმა სახელმწიფომ წარმატებას დიდი დანაკარგის ხარჯზე მიაღწია. თუმცა, მოვლენების სათანადო შეფასებისა და ანალიზის შემდეგ, არსებული შეცდომები დაიხვეწა. შედეგად, 6 წლის შემდეგ, როცა მხარეებს შორის ახალი ომი დაიწყო, ისრაელმა მხოლოდ 6 დღეში შეძლო არაბთა კოალიციის სწრაფი დამარცხება.

ისრაელის ძალების Centurion-ის ტიპის ტანკი გოლანის მაღლობზე, იომ კიპურის ომი, 1973 წლის ოქტომბერი.
Getty Images

სწორედ იომ კიპურის ომის ანალიზის შედეგად შეიქმნა აშშ-ს საჰაერო-სახმელეთო ბრძოლის დოქტრინა, რომელიც აერთიანებდა სახმელეთო მანევრებს, მაღალი სიზუსტის საჰაერო იერიშებსა და სისწრაფეს. ეს ყველაფერი ამერიკულმა ძალებმა წარმატებით გამოიყენეს კიდეც სპარსეთის ყურის პირველი ომის დროს, როცა ქუვეითი საბჭოთა ტექნიკით შეიარაღებული ერაყის არმიისგან გაათავისუფლეს. ეს დოქტრინა 90-იანების ბოლომდე გამოიყენებოდა. ახლა ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომის ყოველ დეტალს, კონფლიქტის ორივე მხარეს. მნიშვნელოვანია დასკვნების სწორი გამოტანა და საკუთარი დოქტრინის გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში კი შეცვლა.

ომის ტაქტიკურ და სტრატეგიულ გაკვეთილებზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ საკუთარ შეცდომებზე სწავლა რუსეთის შეიარაღებულ ძალებსაც შეუძლიათ. მაგალითისთვის, ომის საწყის ეტაპზე მოსკოვს იერიშები არ მიუტანია უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან, როგორც ვარაუდობენ, ფიქრობდნენ, რომ ქვეყანას მალე და მარტივად დაიპყრობდნენ და ეს ობიექტები თავადვე დასჭირდებოდათ. ეს ქცევა სრულიად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სამხედრო დოქტრინას, რომლის მიხედვითაც, მოწინააღმდეგე ქვეყანაში ჯარების შეყვანამდე, მის სამხედრო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 4-6 კვირის განმავლობაში საჰაერო და სარაკეტო იერიშები უნდა მიეტანათ. როდესაც ცხადი გახდა, რომ კონფლიქტი გაჭიანურდა, ოკუპანტებმა ენერგოინფრასტრუქტურაზე მასობრივი იერიშების მიტანა მხოლოდ მაშინ დაიწყეს. ამას გარდა, რუსეთის არმიამ საკუთარი შეცდომების გაანალიზების შედეგად შეამცირა საბრძოლო მიზნები, გააუმჯობესა ელექტრონული ბრძოლის მეთოდები და ისწავლეს, როგორ უნდა დააზიანონ უკრაინის ძალების საკომუნიკაციო სიგნალები საკუთარი კომუნიკაციის ხაზების ქმედუნარიანობის ხელშეშლის გარეშე გარეშე.

მართალია რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომი წარუმატებლად დაიწყეს, თუმცა დასავლეთმა არ უნდა დახუჭოს თვალი საფრთხეზე, რომ მათ შესაძლოა საკუთარი შეცდომები მოქმედებების პარალელურად გამოასწორონ.

გაკვეთილები ჩინეთ-ტაივანის შესაძლო ომისთვის

უკრაინის ომის გაკვეთილები მნიშვნელოვანი მხოლოდ დასავლეთისთვის არაა. ამ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან ჩინეთშიც, რომლის სამიზნეშიც კუნძული ტაივანია ამოღებული. ამჟამინდელი კონფლიქტი ერთის მხრივ გაკვეთილია დასავლური ქვეყნებისთვის, მომავალში როგორ არ უნდა სცადონ შეიარაღებული ესკალაციის თავიდან არიდება და მეორეს მხრივ პეკინისთვისაც, რომელიც რუსეთის შეცდომებზე უნდა სწავლობდეს, როგორი არ უნდა იყოს მისი თავდასხმა ტაივანზე.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ტაივანსა და ჩინეთს შორის ომის დაწყების შემთხვევაში ეს კონფლიქტი რუსეთ-უკრაინისგან მრავალი ფაქტორით განსხვავებული იქნება. სავარაუდოდ, მსგავსი ბრძოლა იქნება უფრო მაღალტექნოლოგიური და არა ინდუსტრიული. მთავარია გეოგრაფიული სხვაობაც. ტაივანი კუნძულია, რაც ჩინეთს საშუალებას მისცემს მას ომის დროს მიწოდების გზები მარტივად გადაუჭრას და ბლოკადაში მოაქციოს. თუმცა, ჩინეთის მხრიდან აქ საკუთარი ძალების გადასხმა, რისთვისაც საზღვაო ან საჰაერო ტრანსპორტის გამოყენება იქნება საჭირო, უკიდურესად რთული იქნება. თუ პეკინსა და ტაიბეის შორის ომი დაიწყება, ეს აბსოლუტურად სხვა სახის კონფლიქტი იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან მხარეებისთვის გაკვეთილების სწავლა შეუძლებელია.

როგორც NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი წერს, დასავლეთმა არ უნდა დახუჭოს თვალი ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინფინგის სიტყვებზე, რომ პეკინს ტაივანის "დასაბრუნებლად" აქვს ყველა საჭირო ზომის გამოყენების უფლება. რასმუსენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი უკრაინის არსებობის უფლებას პერიოდულად ეჭვქვეშ აყენებდა, დასავლელი ლიდერები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საფრთხეზე თვალს ხუჭავდნენ. ეს შეცდომები ტაივანის შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. 

24 თებერვალს ცხადი გახდა, რომ მხოლოდ სანქციებით ომების თავიდან არიდება შეუძლებელია. მართალია ეკონომიკურ შეზღუდვებში რუსეთი ევროპისგან ნაკლებ ერთობას ელოდა, თუმცა დასავლეთის დაწესებულმა ზომებმა თავდაპირველი მიზანი მაინც ვერ შეასრულა. ახლა სანქციების ფუნქცია რუსეთის ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო შესაძლებლობების შეზღუდვაა. მართალია მათ გარკვეული ეფექტი აქვთ, თუმცა მოსკოვი შეზღუდვების პარალელურად კამპანიას მაინც აგრძელებს. თუ პეკინმა ტაივანზე შეჭრა გადაწყვიტა, ქვეყნის, რომლის მშპ-ც რუსეთისაზე დაახლოებით ათჯერ დიდია, მხოლოდ სანქციებით შეჩერების მცდელობა კატასტროფული შეცდომა იქნება. მხოლოდ ეკონომიკური შეზღუდვებით მიყენებული ზარალი არ კმარა იმისთვის, რომ ჩინეთმა ტაივანის ძალის გამოყენებით შემოერთებაზე ხელი აიღოს. თანაც, ჩინეთი გლობალურ ვაჭრობაში იმდენად ფესვგადგმულია, რომ მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში ერთსულოვნების შენარჩუნება უფრო რთული იქნება. თუ დასავლეთი და მოკავშირეები პეკინზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას დროულად არ შეამცირებენ, სი ძინფინგს მიეცემა იგივე თავდაჯერება, რაც პუტინს ევროპის საკუთარი ენერგორესურსებით მომარაგებამ მიანიჭა.

ჩინეთს ტაივანზე შეჭრა, პირველ რიგში, ხარჯის გამო არ უნდა უღირდეს, ამის მისაღწევად კი საჭიროა კუნძულზე თავდაცვის რეფორმების გატარება, სამხედრო ხარჯის გაზრდა და მაღალტექნოლოგიური შეიარაღების განთავსება, რაზეც, აშშ-ს გარდა, თავად ტაიბეიმაც უნდა იზრუნოს. ტაივანს ისრაელზე 2/3-ით დიდი ეკონომიკა აქვს, მაგრამ ტაიბეი თავდაცვაზე, იერუსალიმთან შედარებით, მშპ-ს 2/3-ით ნაკლებს ხარჯავს. მხოლოდ ვაშინგტონის მხარდაჭერა მათ მცირე სამხედრო ხარჯების ფუფუნებას არ უნდა აძლევდეს.

ტაივანს საკუთარი გეოგრაფია თავდაცვის კუთხით გარკვეულ დადებით და უარყოფით მხარეებს ანიჭებს. უდიდესი პრობლემა არის ის, რომ კუნძულისთვის მიწოდების გზების გადაკეტვა და სრულ ბლოკადაში მოქცევა მარტივი არის. თუ სი ძინფინგმა თავდასხმა გადაწყვიტა, აშშ შეიარაღების აქტიური მიწოდებით ტაიბეის ვერ დაეხმარება ისე, როგორც უკრაინას, რომელიც NATO-ს წევრებს სახმელეთო გზით უკავშირდება. თუმცა, მეორეს მხრივ, ტაივანს მთიანი რელიეფი აქვს და კუნძულზე არსებობს მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთი, სადაც მოწინააღმდეგეს საზღვაო გზით დესანტის გადასხმა შეეძლება, მსგავსი პუნქტები კი გამაგრებულია. ეს მოცემულობა ტაიბეის აძლევს საშუალებას, ეფექტიანად განახორციელოს თავდაცვის ცნება, რომელიც ცნობილია, როგორც შეკავება წვდომის შეზღუდვით. ეს გულისხმობს, რომ თავდასხმის დანაკარგი იმდენად დიდი იქნება, რომ აგრესორი ამ ხარჯის გაღებას არ მოისურვებს. სწორედ ამ ცნებას ეფუძნება ტაივანის ე.წ. მაჩვზღარბას სტრატეგია, რომელმაც ჩინეთს შემოჭრაზე უარი უნდა ათქმევინოს. ტაიბეის ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებული აქვს და აშშ-ც ეხმარება, თუმცა საჭიროა თავდაცვის ხარჯების გაზრდა, რათა შეისყიდონ ამერიკული წარმოების სისტემები და გაზარდონ საკუთარი 600 და 240 კმ. რადიუსის მქონე რაკეტების წარმოებაც.

რუსეთ-უკრაინის ომის მაგალითზე ტაივანს სჭირდება ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის სისტემები, საჰაერო სივრცის კონტროლისთვის საჭირო ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარები, წყალქვეშა ნაღმები, რაკეტები, რომლის მეშვეობითაც ჩინეთის სანაპიროებზე, იქ მდებარე პორტებსა და ენერგოობიექტებზე წვდომა ექნება, ასევე, საკუთარი წყლებისა და სახმელეთო მისადგომების სრული გამაგრება და გაკონტროლება. ტაიბეიმ სამხედრო ხარჯები სწორედ ამ მიმართულებით უნდა გადაანაწილოს. უფრო ეფექტიან "მაჩვზღარბად" გადაქცევისთვის ისინი გარკვეულ ნაბიჯს უკვე დგამენ კიდეც, მაგალითად, საკუთარი რაკეტების წარმოების გაორმაგებას და წელში 500 ერთეულის დამზადებას გეგმავდნენ, თუმცა, რუსეთ-უკრაინის მაგალითი აჩვენებს, რომ ეს რაოდენობა საკმარისი არ იქნება და მნიშვნელოვანია უცხოური მაღალტექნოლოგიური სისტემებიც. მიმდინარე ომში ბალანსი დასავლურმა თანამედროვე შეიარაღებამ შემოიტანა. ეს დეტალი ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეებმა კარგად უნდა გაითვალისწინონ და აშშ-მ ჩინეთზე ტექნოლოგიური უპირატესობა შეინარჩუნოს. შეიარაღების გარდა, ტაივანისთვის აუცილებელია სამხედრო რეფორმაციაც, რაც კიევმა 2014-15 წლის მოვლენების შემდეგ, აშშ-ს დახმარებით, აქტიურად დაიწყო. დიდი მნიშვნელობა ექნება ჯარისა და მოსახლეობის პარტიზანული და ურბანული ბრძოლისთვის გადამზადებასაც.

ტაივანელი სამხედროები, 2023 წლის იანვარი
Ann Wang/Reuters

პეკინი თავის მხრივ რუსეთის გაკვეთილებზე სწავლობს, როგორ არ უნდა დაიგეგმოს დიდი პოლიტიკური ფასის მქონე სამხედრო კამპანია. კრემლის მთავარი შეცდომა იყო ის, რომ უკრაინაში შეჭრა მცირე პოლიტიკურმა ჯგუფმა დაგეგმა და პროცესში სამხედრო პირები არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დაზვერვამ კრემლის გეგმები სამი თვით ადრე გამოააშკარავა და მათზე საჯაროდ ლაპარაკი დაიწყო, პუტინი დასავლეთსა და საკუთარ მაღალჩინოსნებს არწმუნებდა, რომ უკრაინაში შეჭრას არ აპირებდა. საბოლოოდ მოულოდნელობის ეფექტმა, რომელიც თავდასხმას უნდა ჰქონოდა, იმოქმედა მხოლოდ რუს რიგით და მაღალი რანგის სამხედროებზე, რომელთაც არწმუნებდნენ, რომ მათი სახელმწიფო ომს არ აპირებდა. რუსეთის იერიში სტრატეგიული თვალსაზრისით მოუმზადებლად დაიწყო, რადგან მთელი გეგმა არასწორად გამოტანილ წინასწარ შეფასებებს ეყრდნობოდა. ამ შეცდომებს პეკინიდან ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ და ითვალისწინებდნენ.

მნიშვნელოვანია სტრატეგიული მიზნების წინასწარ სწორად განსაზღვრაც, რაც რუსეთმა ასევე ვერ შეძლო. საკუთარი ძალების რაოდენობისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, კრემლის თავდაპირველი მიზანი, რეჟიმის შეცვლა და უკრაინის მარიონეტულ სახელმწიფოდ ქცევა, ზედმეტად ამბიციური იყო. ტაივანის გეოგრაფიული მოცემულობის გათვალისწინებით, ჩინეთს, ომის დაწყების შემთხვევაში, მიზნების ცვლილების ფუფუნება ვერ ექნება. თუ პეკინი ძალის გამოყენებას გადაწყვეტს, მთელი პროცესის განმავლობაში მათი მთავარი მიზანი კუნძულის სრულად დაკავება იქნება. ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია სწორად შეაფასონ, მსგავსი სცენარის შემთხვევაში რამდენი სამხედრო დასჭირდებათ. თუმცა, მხოლოდ ძალების სიდიდით ომს ვერ მოიგებ. მნიშვნელოვანია ტექნიკა, დანაყოფები და ჯარისკაცები სათანადო საბრძოლო მდგომარეობაში იყოს. რუსეთის ჯარის მუდმივი პრობლემა – კორუფცია, კრემლისთვის კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი გახდა უკრაინაში მიმდინარე კამპანიისთვის.  რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედროთა რაოდენობის კვოტის დასაკმაყოფილებლად ხშირად ხელოვნურად ზრდიდნენ ჯარისკაცთა რიცხვს, რაც ზოგიერთ მეთაურს დანაყოფებისთვის გამოყოფილი თანხების მითვისების საშუალებას აძლევდა. მაღალი და დაბალი რანგის სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის ინფორმაციის გაცვლა არასანდო და გაუმჭვირვალე იყო, რამაც, შესაძლოა, კრემლში გააჩინა მოლოდინი, რომ უკრაინაში შეჭრამდე მათი ძალები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იყვნენ. ჩინეთის მთავრობა, ტაივანის სამხედრო ძალით დაბრუნების სერიოზული გეგმების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად გადახედავს რა მდგომარეობაა მათ სახალხო განმათავისუფლებელ არმიაში.

ამას გარდა, ჩინეთი უყურებს და აფასებს სანქციების ეფექტიანობასაც. იმისთვის, რომ სამომავლო გეგმები ნაკლებად ხარჯიანი იყო, პეკინი უფრო აქტიურად შეეცდება ვაჭრობაში უცხოურ ვალუტაზე, განსაკუთრებით ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულების შემცირებას. თუ სი ძინფინგი ტაივანზე შეჭრას ახლო მომავალში გეგმავდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, ეს გეგმები, სავარაუდოდ, უფრო შორეული გახდა, რადგან პეკინს მოსკოვის გამოცდილება დაწვრილებით გასაანალიზებელი აქვს.

მსგავს კრიტიკულ მომენტში, როცა მსოფლიოში გეოპოლიტიკური გარემო უფრო და უფრო დაძაბული ხდება, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა ჩინეთსა და რუსეთზე ჩქარა შეძლოს მიმდინარე მოვლენებიდან გაკვეთილების ათვისება და აღარ გაიმეოროს შეცდომები, რომლებმაც უკრაინაში ომის დაწყება გარდაუვალი გახადა. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, საუკუნეების წინანდელი პრინციპი უცვლელია. როგორც რომაელი სამხედრო ისტორიკოსი ვეგეციუსი De re militari-ში წერდა: "Igitur qui desiderat pacem, praeparet bellum".

კომენტარები