საქართველოს პარლამენტი

პაპუაშვილი ნაცვლიშვილს: ქვეყანას აბრალებენ ტყუილს და არაფერს ამბობთ – არღვევთ დადებულ ფიცს

ჩემს უკან დგას საქართველოს დროშა. ჩემს უკან კიდია საქართველოს გერბი. თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს ფიცი გაქვთ დადებული ამ დროშის და ამ გერბის წინაშე. თქვენ ფიცი გაქვთ დადებული ერთადერთი ქვეყნის, საქართველოს წინ. როდესაც თქვენს ქვეყანას, იმ ქვეყნის მიმართ, რომლის წინაშეც ფიცი დადეთ, აბრალებენ და მიდის დეზინფორმაციის ტალღა, როდესაც დამნაშავეს ეძახიან მსხვერპლს, როდესაც მწამებელს ეძახიან წამებულს, როდესაც  თქვენს ქვეყანას შიგნით და გარეთ აბრალებენ არაკეთილსინდისიერებას, სანქციების გვერდის ავლაში ხელშეწყობას და ა. შ. და როდესაც თქვენ, პირადად ანა ნაცვლიშვილმა იცით, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ სინამდვილეში მწამებელია მწამებელი, რომ დამნაშავეა დამნაშავე, რომ არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა რაიმე სანქციების გვერდის ავლის, აი ამ ყველაფერს რომ ისმენთ და არაფერს ამბობთ, ამით არღვევთ ფიცს ამ დროშის და ამ გერბის წინაშე.

ამიტომ, მე ერთადერთ რამეს გთხოვდით, ის ფიცი, რომელიც დადებული გაქვთ ამ დროშის, გერბის და ქვეყნის წინაშე, ამ ფიცით იხელმძღვანელოთ თქვენც და თქვენმა ოპოზიციონერმა კოლეგებმა და თუკი ასე იხელმძღვანელებთ და არც აფიქრებინებთ სხვასაც რომ აქ არის თითქოს რაღაც ნიადაგი, რომ ასეთი ყალბი ბრალდებები შეიძლება ვინმეს გაუვიდეს, ამ ნიადაგს თუ არ მისცემთ, ასეთი ბრალდებებიც არ იქნება. 

ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლელოს დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, რომელმაც პლენარულ სხდომაზე მიმართა კითხვით "როგორ მოგმართოთ, ბატონო შალვა, ბატონო სპიკერო თუ ბატონო აგენტო?" მან ასევე ჰკითხა პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ რატომ არ გაემგზავრა ოფიციალური დელეგაცია უკრაინის რადაში. 

კომენტარები