საქართველო-უკრაინა

ზარქუა: მიწვეულები ვართ 24 თებერვალს უკრაინაში, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ

ირაკლი ზარქუა

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ზარქუას თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე - 24 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის გარკვეული პირები უკრაინაში მიიწვიეს, თუმცა მმართველი პარტია წასვლაზე უარს ამბობს.

ზარქუას განმარტებით უარის მიზეზი უკრაინის მხრიდან საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებები და მიხეილ სააკაშვილის პოლიტმატიმრად დასახელებაა.

"დიახ, მიწვეული ვართ 24 თებერვალს [უკრაინაში] ჩვენი დელეგაციის გარკვეული პირები, თუმცა ჩვენ უარს ვამბობთ. რატომ? იმიტომ, რომ უკრაინის მაღალჩინოსნები, როდესაც მოუწოდებენ ჩვენს სახელმწიფოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, როდესაც პატიმარს სააკაშვილს, რომელსაც არაერთი მძიმე ბრალდება აქვს და მისჯილი აქვს ევროპული სასამართლოს მხრიდან, პოლიტპატიმარს უწოდებენ, მე მგონია, რომ არ ტოვებს ეს დიპლომატიური ურთიერთობების სივრცეს, სამწუხაროდ". - თქვა ზარქუამ.

დღეს, 20 თებერვალს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების წლისთავზე უკრაინის უმაღლესმა რადამ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მიიწვია, თუმცა მმართველმა პარტიამ მიწვევაზე უარი თქვა.

კომენტარები