მიუნხენის კონფერენცია

კამალა ჰარისი: რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინაშე

აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის თქმით, აშშ-მ ფორმალურად დაადგინა, რომ რუსეთმა უკრაინაში ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, ჰარისმა რუსეთი უკრაინელების დეპორტაციაში, წამებაში, გაუპატიურებასა და მკვლელობაში დაადანაშაულა. 

"მათი ქმედებები არის თავდასხმა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და საერთო ადამიანურობაზე". - თქვა მან.

გაერო კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს განმარტავს, როგორც "მოსახლეობის წინააღმდეგ უაღრესად არაადამიანური მოპყრობა ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმის პირობებში".

"უკრაინაში რუსეთის ქმედებები  გამოვიკვლიეთ. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა: ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ". - თქვა ვიცეპრეზიდენტმა. 

მან ისაუბრა "ბარბაროსულ და არაადამიანურ" სისასტიკეზე უკრაინაში, მათ შორის ნაწამებ ცხედრებზე, რომლებიც ბუჩაში შეჭრის და მარიუპოლში თეატრის დაბომბვის შემდეგ აღმოაჩინეს.

"მოდით, ყველა შევთანხმდეთ: ყველა მსხვერპლის სახელით, როგორც ცნობილი, ასევე უცნობი, სამართლიანობა უნდა აღსრულდეს". - დასძინა ჰარისმა.

კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები განიხილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC).

მაგრამ ICC-ს არ აქვს უფლებამოსილება დააკავოს ეჭვმიტანილები და  იურისდიქცია მხოლოდ იმ ქვეყნებში შეუძლია განახორციელოს, რომლებმაც ხელი მოაწერეს შეთანხმებას. რუსეთი არ არის ამ შეთანხმების ხელმომწერი, ამიტომ ეჭვმიტანილის ექსტრადიცია ნაკლებად სავარაუდოა.

სამდღიანი შეკრება მიუნხენში დასავლეთის მხარდაჭერის მთავარ გამოცდას წარმოადგენს უკრაინისთვის, რადგან ომის ორივე მხარე საგაზაფხულო შეტევებისთვის ემზადება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ მოსკოვმა "გენოციდური ომი წამოიწყო", რადგან არ თვლის, რომ უკრაინელები "იმსახურებენ არსებობას, როგორც სუვერენული ერი".

კომენტარები