საქართველოს პარლამენტი

NHC საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს კანონი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ

ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტი (NHC) საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს ხალხის ძალის მიერ მომზადებული კანონპროექტი "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ.

ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის განცხადებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 40 ორგანიზაცია უერთდება. ორგანიზაციები ზემოხსენებული კანონპროექტის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

"მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი მაკონტროლებელი და შემზღუდველია – იმეორებს ავტორიტარული სახელმწიფოების პრაქტიკას, რაც ძირს უთხრის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყანაში დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას.

საქართველომ რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის მაჩვენებლების კუთხით. ევროკავშირის შეფასება ქვეყნის დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული, კონკრეტულად კი არაპარტიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე. ხელისუფლების მიერ ძალაუფლების კონცენტრირებისკენ სწრაფვამ დემოკრატიის შემცირება გამოიწვია. დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს და ზედამხედველობის ორგანოების შესუსტება, ამ მიზნის მისაღწევად ცნობილი სტრატეგიაა". - წერია განცხადებაში.

ამასთან, როგორც განცხადებაში წერია, მსგავსი შეზღუდვები ისეთ პოლიტიკური რეჟიმებს ახასიათებთ, სადაც ძლიერი ანტიდასავლური და არალიბერალური ჯგუფებია.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი კანონების მიღებას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვით ამართლებენ, თუმცა, სინამდვილეში, ისინი არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირების შეზღუდვის საშუალება და ასევე არღვევენ გაერთიანების თავისუფლებას.

ისეთ ქვეყნების მაგალითად, სადაც მსგავსი კანონები მოქმედებს, განცხადებაში დასახელებულია: რუსეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი.

განცხადებაში ასევე მიმოხილულია საქართველოში არსებული მდგომარეობა და ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებათა რიგ სფეროებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მკვეთრად უარესდება.

ნიდერლანდების ჰელსინკის კომიტეტის განცხადებაში წერია, რომ ადამიანის უფლებათა ზოგიერთ სფეროში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, საქართველოს ინსტიტუციური დამოუკიდებლობა მკვეთრად უარესდება. ასევე, საქართველომ დიდი რეგრესი განიცადა დემოკრატიული მმართველობის ინდექსის მაჩვენებლით.

გარდა ამისა, საქართველოში პოლიტიკური დისკურსი სულ უფრო პოლარიზებული ხდება. პოლიტიკური ლიდერები უფრო მეტად ფოკუსირდებიან ერთმანეთის დაცინვაზე, მუქარაზე, გალანძღვასა და ძალადობაზე, ვიდრე კონკრეტული პრობლემების მოგვარებაზე. მმართველი პარტია ქართული ოცნება ხშირად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა "მოღალატე" და "მტრები", იმის მაგივრად, რომ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგისა და კომპრომისისთვის სივრცის შექმნას. საქართველოს პოლიტიკურმა ელიტებმა ენობრივი მანიპულაციის საბჭოთა ტექნიკები აითვისეს და უფრო ხშირად იყენებენ ამ იდეოლოგიას ყოველდღიურ ცხოვრებაში

"ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, საქართველოს პარლამენტის წევრებს მოვუწოდებთ, არ მიიღონ შემოთავაზებული კანონმდებლობა "უცხოური აგენტების" შესახებ, რადგან ეს კიდევ უფრო ჩაითრევს ქვეყანას რუსეთის პოლიტიკური გავლენის ორბიტაში და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისგან დააშორებს". - წერია განცხადებაში.

კომენტარები