საქართველოს კინოთეატრები

რა ვნახოთ დიდ ეკრანზე? – თებერვლის მთავარი კინოპრემიერები

Befunky

წარმოგიდგენთ თებერვლის მთავარ ფილმებს, რომლებიც დიდ ეკრანზე შეგიძლიათ ნახოთ.

Ant-Man and the Wasp: Quantumania

კინოსტუდია მარველი ახალ ბლოკბასტერებით დატვირთულ წელს ენთ-მენის გაგრძელებით ხსნის. შურისმაძიებლების წევრი სუპერგმირი ამჯერად კვანტურ სამყაროში გადადის, რომელშიც მას მრისხანე ბოროტმოქმედთან კენგთან დაპირისპირება მოუწევს. სურათი ენთ-მენის წინა ნაწილების რეჟისორმა პეიტონ რიდმა გადაიღო, ხოლო მთავარი როლები კვლავ პოლ რადმა, ევანჯელინ ლილიმ, მიშელ პფაიფერმა და მაიკლ დუგლასმა შეასრულეს. Marvel-ის ახალი ბლოკბასტერი კინოთეატრებში 16 თებერვალს გამოდის.

და მერე გათენდა

ვეტერანი ქართველი რეჟისორის, დიტო ცინცაძის ახალი ნამუშევარი. ვარშავისა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალების ნომინანტ მინიმალისტურ ფილმში მთავარ როლებს თემიკო ჭიჭინაძე, ანია შიპოვსკაია და ანდრო ჭიჭინაძე ასრულებენ. ახალი ქართული კინოს ნახვა მაყურებელს დიდ ეკრანზე 9 თებერვლიდან შეუძლია.

Titanic

26 წლის შემდეგ ჯეიმს კამერონის ტიტანიკი მსოფლიო და ქართულ კინოგაქირავებაში ბრუნდება. ლეგენდარული ბლოკბასტერის ხილვა ქართველ მაყურებელს 9 თებერვლიდან კინოთეატრების ქსელ Cavea-ში შეეძლება. პირველად კინოთეატრებში ტიტანიკის 3D და IMAX ვერსიებიც გამოვა.

Knock at the Cabin

მისტიკური ჟანრის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლის, ემ ნაით შიამალანის ახალი ფილმი და 2018 წლის ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაცია. იდუმალებით მოცული თრილერის ხილვა საქართველოს კინოთეატრებში უკვე შესაძლებელია.

ოსკარის ნომინანტი ფილმები

კინოთეატრების ქსელ Cavea-ში ოსკარის ნომინანტი ოთხი ფილმი გადის ერთდროულად. საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ნომინირებული მარტინ მაკდონას The Banshees of Inisherin და სტივენ სპილბერგის The Fabelmans, საუკეთესო ანიმაციის წოდებისთვის მებრძოლი Puss in Boots: The Last Wish და სამი ოსკარის ნომინანტი, დემიენ შაზელის Babylon. 

კომენტარები