ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხერხეულიძე: 2012-ში პუდელით გაქცეული ხალხისთვის კვოტა მოუგონიათ და დაუკომპლექტებიათ

TV პირველი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტიამ ხალხს პოლიტსაბჭოს წევრების არჩევის ისეთი წესი შესთავაზა, რაც მისივე თქმით, დემოკრატიულ პრინციპებზე მთლიანად უარს ამბობს. ხერხეულიძე წერს, რომ პოლიტსაბჭოში 2012 წელს არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხი შეიყვანეს.

"მოკლედ, "ცვლილებებით" შეპყრობილებმა მოითხოვეს არჩევნები. არჩეულმა თავმჯდომარემ, რომელსაც 2 წელი კიდევ ჰქონდა ლეგიტიმაცია, პირველივე გამოწვევაზე თქვა - "მოდით, სადაც გინდათ, როგორც გინდათ"...კითხვა რომ არ დარჩენილიყო, მთელ ამ გამოგონილ აღტყინებას მზაობით შეხვდა. თუ სხვები, ანუ, "ცვლილებებით ანთებულები", პოლიტსაბჭოს ფორმატით აპირებდნენ თავმჯდომარის ვადამდელ არჩევას, ნიკა მელიამ უარით უპასუხა, არეალი გაზარდა და მეტი ჩართულობისთვის ბლოკჩეინის სისტემით შესთავაზა ენმ-ის ამომრჩევლებს მონაწილეობის მიღება, სადაც შედეგები ასე გადანაწილდა. 52% ხაბეიშვილი, 40% მელია და შედეგების გამოცხადებისთანავე მიულოცა გამარჯვებულს. მოგეხსენებათ,მარტში უფლებამოსილება ეწურებოდა პოლიტსაბჭოს. მიგვაჩნდა და მიმაჩნია,რომ წევრების არჩევა ელექტრონული მეთოდით უნდა მომხდარიყო. პატივს ვცემდით ჩვენივე პარტიის ისტორიას, როგორც ხელისუფლების გადაცემის პრეცენდენტულობის წესად დანერგვას, თუმცა, ვნახეთ, რომ პირიქით მოხდა. ასი ნაბიჯით უკან დავიხიეთ. დღეს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არამცთუ ელექტრონული მეთოდით არჩევა შესთავაზეს ხალხს, არამედ, მთლად ისეთი წესი მიიღეს, რომელიც მთლიანად უარს ამბობს დემოკრატიულ პრინციპებზე. მეგონა, ბევრ შეცდომას იმიტომ უშვებენ, რომ ჩვენგან განსხვავებული ფარული უნარების მქონეებს, მიხეილ სააკაშვილზე დარდით გათანგულებს, იმდენად დიდი წყურვილი აქვთ უმოკლეს დღეებში დაიხსნან ტყვე, რომ მიზეზიც ეს არის შეცდომების-თქო და ეს რა ვნახეთ - მარტის ნაცვლად პოლიტსაბჭო დღეს აურჩევიათ და ელექტრონული არჩევნების ნაცვლად, საკუთარი სურვილებით გამოუგონებიათ კვოტები. თავიანთვე მოგონილი არჩევნების შედეგით მიღებული 40% -ის მქონე კანდიდატი, ნიკა მელია, საერთოდ ამოუღიათ სიიდან. ის ერთადერთი პლუსი, რაც ამ არჩევნებს ჰქონდა, თავზე გადაახიეს მონაწილე 40%-ს. სამაგიეროდ, ასეთი კვოტა მოუგონიათ "დამსახურების მიხედვით" და ამ კვოტით უსარგებლიათ 2012 წელს, დამარცხების შემდეგ, პუდელით გაქცეული ხალხისა და მისთანების დაკომპლექტებით. სად იბრძოლეს, ვინ არიან, ერთად რომ მოზილო ყველა, ოდესმე რა გარჯა გაუწევიათ, საკუთარი ჩრდილით შეშინებულები, სად იყვნენ, საერთოდ? ამავე გაგების დამსახურებით, პოლიტსაბჭოს სიიდან ამოუღიათ ის ხალხი, ვინც მსგავსი შტურმის პირობებში, საკუთარი მხრებით შეინარჩუნეს პარტია. სულ რამდენიმე ვიყავით მაშინ, მიშას საკუთარი პარტიიდან რომ აგდებდნენ და ეგ "დამსახურებული" ხალხი, მათ შორის. ხოდა, იმ რამდენიმეს უმრავლესობა გაუშვიათ პოლიტსაბჭოდან - ზურა მელიქიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, ენმ-ის დამფუძნებელია. ასევე, ნუგზარ წიკლაური, ხათუნა ოჩიაური, გიორგი პატარაია". - წერს ხერხეულიძე.

ხერხეულიძე ამბობს, რომ იქ არ იქნება, სადაც ბრძოლაში დაღლილი მისი მეგობრებისთვის ადგილი არ დატოვეს. ხერხეულიძე ითხოვს, რომ ის პოლიტსაბჭოს ახალი სიიდან ამოშალონ.

"ცხადია,მე ამ სტატუსს არ დავწერდი,ჩემივე პარტიის არ დაზიანების გამო, მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც საჯაროობა პირდაპირ ვალდებულებაა და სიჩუმე საძაგლობა. როგორც მოგახსენეთ, მოუგონიათ "ახსნადი" კვოტები. ანუ, აქამდე ენმ-ისთვის უცნობი გვარ-სახელებით პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას გამართლება რომ ჰქონოდა, არსად არასდროს რომ არ გვინახავს, ისეთი დეპუტატების ტალღას შეჰყოლია ჩემი გვარიც. მხოლოდ ამ მიზეზით მომიწია საჯარო პოზიციონირება. ცხადია, იქ არ ვიქნები, სადაც ბრძოლაში დაღლილი ჩემი მეგობრებისთვის ადგილი არ დაგიტოვებიათ და დროზე ამომშალეთ მათ, ვისაც იმასაც კი არ გკითხავთ - არ გრცხვენიათ? წესით, ხვალ, მიშას სასამართლოს შემდეგ დავწერდი ამას, არასანდო" მეგობრების რომ არ მრცხვენოდეს. "ამ პროცესიდან პარტია გამარჯვებული გამოვა" იმათ ტვინში ჩანახედა, ვინც ეს დაიჯერა, თუმცა, მოგვიანებით, როცა ვნებები დაცხრება, მატარებელი დიდი ხნის ჩავლილი იქნება. მოგეხსენებათ, ჩვენი ისტორიის კარგი და ცუდი ფურცლების შემგროვებელი ადამიანი ვარ და ერთ-ერთი ასეთის აქტუალურობა დღეს გამიცოცხლა მეხსიერებამ" - წერს ხერხეულიძე სოციალურ ქსელში და გაზეთი კომუნისტის 1937 წლის ერთ-ერთი ნომრის ამონარიდის ფოტოს ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის ახალი პოლიტსაბჭოს სიაში ვერ მოხვდა პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. 

ასევე, პარტიის ახალი პოლიტიკური საბჭოს წევრობაზე უარი განაცხადა აკაკი მინაშვილმა. მინაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ რამდენიმე ასეული წევრის მიერ დანიშნულ ერთ პოზიციაზე მყოფ კლუბად გარდასახულ "პოლიტიკური საბჭოს" ლეგიტიმაცია ნულის ტოლია.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, სადაც პარტიის ახალი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი უკვე ოფიციალურად აირჩიეს. ყრილობაზე ასევე აირჩიეს გენერალური მდივანი, ის კვლავ პეტრე ცისკარიშვილი გახდა. კობა ნაყოფია კი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ლევან ბეჟაშვილმა შეცვალა.

მას შემდეგ რაც არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა, კობა ნაყოფიამ, გიორგი პატარაიამ, აკო მინაშვილმა და ბაჩო დოლიძემ პარტიული თანამდებობები დატოვეს. ასევე, ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტი დატოვა გიორგი კირთაძემ. 

კომენტარები