რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარკ ჰემილი უკრაინის არმიის დასახმარებლად ხელმოწერილ Star Wars-ის პოსტერებს გაყიდის

მარკ ჰემილი
Stuart C. Wilson/Getty Images

მსახიობი მარკ ჰემილი, რომელიც ვარსკვლავური ომების საგაში ლუკ სქაიუოქერის როლს ასრულებდა, უკრაინის არმიის დასახმარებლად ხელმოწერილ პოსტერებს გაყიდის. ამის შესახებ მან POLITICO-სთან ისაუბრა.

"გადავწყვიტეთ ვარსკვლავური ომების პოსტერებზე ხელმოწერა, შეზღუდული რაოდენობით". – თქვა ჰემილმა და აღნიშნა, რომ ეს გაყიდვები იქნება მათთვის, ვინც სერიოზული კოლექციონერია. 

ჯერჯერობით არ გადაწყვეტილა რა ფორმით გაიყიდება ხელმოწერილი პოსტერები, თუმცა ჰემილმა აღნიშნა, რომ "ასიათასობით ადამიანის [კონკურენციაში ან აუქციონში ჩართვა], ჭკვიანური აზრია". 

პოსტერების გაყიდვა, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაიწყება, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავამდე.

მარკ ჰემილის თქმით, მას ხელმოწერილი პროდუქტი 2017 წლის შემდეგ აღარ გაუყიდია.

ჰემილის თქმით, მან ვარსკვლავური ომების სამყაროსგან ისწავლა, რომ "სწორი რამ" საერთო კეთილდღეობისთვის კეთდება და არა "პირადი ინტერესებისთვის". მან აღნიშნა, რომ სამყაროების შედარებამ "საშინელება, რომლის წინაშეც უკრაინაა" ტრივიალურად არ უნდა გახადოს.

"ერთი მართლაც ბავშვებისთვის განკუთვნილი ზღაპარია, თავდაპირველად ვარსკვლავური ომები ეს იყო. რეალობა, პირქუში რეალობა, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა". – თქვა ჰემილმა.

აგროვებული თანხა უკრაინისთვის განკუთვნილ საქველმოქმედო ფონდს, United24-ს გადაეცემა. გასული წლის სექტემბერში მარკ ჰემილი ამ პლატფორმის პროექტის, დრონების არმიის წარმომადგენელი გახდა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას პირადად სთხოვა, რომ "ბოროტების იმპერიის" წინააღმდეგ დახმარებოდა, რაც ვარსკვლავური ომების ანტაგონისტური იმპერიის ალუზიაა.

"ნებისმიერი რამ, რასაც გავაკეთებ, რაც არ უნდა პატარა იყოს, მიმაჩნია, რომ ვალდებული ვარ". – აღნიშნა ჰემილმა.

ჰემილმა POLITICO-სთან საუბარში აღნიშნა, რომ დრონები ამ კონფლიქტში მნიშვნელოვანია და მათ "ცაში მყოფი თვალები" უწოდა. 

კომენტარები