რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა

REUTERS/Valentyn Ogirenko

უკრაინის მმართველი პარტიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ 1 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელი ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის სახლი გაჩხრიკა. სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლები და თავად კოლომოისკი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ასაჯაროებენ. ჩხრეკის მიზეზი უცნობია. 

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მტკიცებით, ჩხრეკა 18 იანვრის ავიაკატასტროფასა და ფრანგული Airbus-ის შვეულმფრენების შეძენას უკავშირდება. მედია საშუალებები იუწყებიან, რომ გამოძიება ბიზნესმენის საფინანსო საქმიანობაზე მიმდინარეობს. 


18 იანვარს კიევის ოლქში, ქალაქ ბროვარში უკრაინის შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მათ შორის თავად მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე ისხდნენ. ვერტმფრენი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რასაც 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა ვერტმფრენის ყველა მგზავრი.

კომენტარები