აფეთქება პაკისტანში

პაკისტანში მეჩეთის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა

პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მდებარე მეჩეთი, რომელიც აფეთქების შედეგად სრულად ჩამოიშალა

ქალაქ ფეშავარში მეჩეთის აფეთქების შედეგად სულ მცირე 59 ადამიანი დაიღუპა და 157 დაშავდა. ბომბის სამიზნე პოლიციელები იყვნენ.

მეჩეთი მჭიდროდ დაცული პოლიციის შტაბის, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროების ტერიტორიაზე მდებარეობს.

“ტერორისტებს სურთ შექმნან შიში იმათზე დამიზნებით, ვინც პაკისტანის დაცვის მოვალეობას ასრულებს”. - თქვა პრემიერმინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც მეჩეთში ლოცვები მიმდინარეობდა. მათი თქმით, მეჩეთში დაახლოებით 260 ადამიანი იმყოფებოდა, მათი დიდი ნაწილი კი პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, მეჩეთის დიდი ნაწილი სრულად ჩამოიშალა და ნანგრევებს ქვეშ ადამიანები არიან მოყოლილები. მათი თქმით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები. 

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არცერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ქალაქ პეშვარში, რომელიც ავღანეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, თავდასხმების უკან ხშირ შემთხვევაში თალიბანის პაკისტანში მოქმედი დანაყოფი  (TTP) დგას.

კომენტარები