NATO

მორავიეცკი: პოლონეთი თავდაცვის ბიუჯეტს მშპ-ის 4%-მდე გაზრდის

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, ვარშავამ თავდაცვის ბიუჯეტის მშპ-ს 4%-მდე გაზრდის სახით უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. 

ამ გადაწყვეტილებით, პოლონეთი თავდაცვაში პროპორციულად აშშ-ზე მეტ თანხას დახარჯავს.

“უკრაინის ომი გვაიძულებს კიდევ უფრო სწრაფად შევიარაღდეთ. სწორედ ამიტომ, წელს ჩვენ უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვიღებთ: მშპ-ის 4% პოლონეთის არმიისთვის”. - უთხრა მორავიეცკიმ ჟურნალისტებს.

პოლონეთმა 2022 წელს სამხედროებისთვის მშპ-ს 2,4% დახარჯა, რაც  NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის მესამე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მორავიეცკმა თქვა, რომ თავდაცვის ხარჯების ახალ მაჩვენებლამდე გაზრდა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ეს იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის.

2022 წელს მშპ-ს უდიდესი წილი (3,76%) თავდაცვაზე, NATO-ს წევრ ქვეყნებს შორის, საბერძნეთმა დახარჯა. მას მოჰყვა აშშ 3,47%-ით - ვაშინგტონმა თავდაცვაზე 822 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე სამხედრო ალიანსის ყველა სხვა სახელმწიფოს მიერ ერთად დახარჯული თანხა.

NATO-ს წევრებს მოუწევთ, 2024 წლისთვის მშპ-ს მინიმუმ 2% თავდაცვაზე დახარჯონ.

მეტიც, NATO-ს უკანასკნელ შეხვედრაზე დიპლომატების თქმით, პოლონეთი, ლიტვა და ბრიტანეთი ამბობენ, რომ სამიზნე ხარჯი, უკრაინაში რუსეთს შეჭრის გათვალისწინებით, უფრო მაღალი უნდა იყოს.

კომენტარები