ირანი

ირანში, ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე დრონებით თავდასხმა სცადეს

ირანელი სამხედროები 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებულ წვრთნებზე

ირანში, ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა სცადეს. ინფორმაციას ირანის სამთავრობო მედია და თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მტკიცებით, ერთი დრონი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო, ორი კი "თავდაცვის მახეში გაება" და აფეთქდა. სამთავრობო მედია IRNA-ს მტკიცებით, სამხედრო საწარმოზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია და მხოლოდ შენობის სახურავი დაზიანდა.

ირანის თავდაცვის უწყება არ ამბობს თუ ვინ შეიძლება იყოს თავდასხმაზე პასუხისმგებელი. მათი თქმით, "ასეთი ბრმა თავადასხმები ქვეყნის წინსვლაზე ვერ იმოქმედებს".

ირანის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში ისპაჰანში ხმამაღალი აფეთქების შესახებ დაწერეს.

ამას გარდა, თავდასხმის პარალელურად, ქალაქ თავრიზის მახლობლად ხანძარი გაჩნდა ნავთობის გადამამუშავებელ ობიექტში. ირანული მედიის ცნობით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ბოლო წლებში ირანის სამხედრო ობიექტზე რამდენიმე აფეთქება იყო, რაც თეირანისა და ისრაელის დაპირისპირებას უკავშირდება. იერუსალიმი რამდენიმე წელია, რაც ირანის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით იმუქრება.

გასული წლის ივლისში ირანში დააკავეს ეთნიკური ქურთების ჯგუფი, რომელთაც ისრაელის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობასა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების დაგეგმვაში სდებდნენ ბრალს.

კომენტარები