დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჯენინში შეტაკებების შემდეგ, ღაზიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

ჯენინის ქუჩები შეტაკებების შემდეგ

26 იანვარს ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინში რეიდი ჩაატარეს, რასაც 9 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არის 61 წლის ქალიც.

IDF-ში აცხადებდნენ, რომ მათ მათი ძალები ჯენინში შევიდნენ, რათა დაეკავებინათ დაჯგუფება ისლამური ჯიჰადის "ტერორისტთა ათეული", რომელიც "ჩართული იყო ისრაელის მოქალქეებსა და სამხედროებზე მნიშვნელოვანი ტერორისტული თავდასხმების მზადებაში". მათივე ცნობით, სამხედროებმა ალყაში მოაქციეს შენობა, რომელშიც ისლამური ჯიჰადის წევრები იმყოფებოდნენ. დაჯგუფების წევრებმა ცეცხლი გახსნეს, რასაც სამხედროების პასუხი მოჰყვა. IDF-ის ცნობით, ამ დროს ისლამური ჯიჰადის სამი წევრი უვნებელყვეს. პარალელურად სამხედროებს ცეცხლი სხვა შეიარაღებულმა პალესტინელებმაც გაუხსნეს.

პალესტინის მთავრობის პრეზიდენტმა, აბდულ აბასმა რეიდს ხოცვა-ჟლეტვა უწოდა და მისმა ადმინისტრაციამ გამოაცხადა, რომ ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე კოორდინაცია შეწყვიტეს.

პარალელურად, კიდევ ერთი, მეათე პალესტინელი იერუსალიმის მახლობლად მდებარე ქალაქ ალ-რამში, პოლიციასთან დაპირისპირების დროს მოკლეს. ალ-რამში ჯენინის რეიდს აპროტესტებდნენ. 

შეტაკების შემდეგ, დაჯგუფება ჰამასის მიერ კონტროლირებული ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით, მინიმუმ, ორი რაკეტა ისროლეს. პასუხისმგებლობა არც ერთ ჯგუფს არ აუღია. საპასუხოდ IDF-მა კონტრიერიში მიიტანა. მათი თქმით, დაბომბეს მიწისქვეშა ობიექტები, სადაც რაკეტებს ამზადებდნენ. 

კონტრიერიშს ღაზიდან რაკეტების გაშვება კვლავ მოჰყვა, რასაც ისრაელმა კიდევ ერთხელ საჰაერო იერიშებით უპასუხა. IDF-ში აღნიშნეს, რომ ამჯერად მათი სამიზნე ჰამასის მნიშვნელოვანი ბაზა იყო.

კომენტარები