რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გირკინი დასავლურ ტანკებზე: ჩვენს სამხედროებს ასეთ ბატალიონებთან ბრძოლა გაუჭირდებათ

იგორ გირკინი

რუსი პროპაგანდისტი, ე.წ. ნოვოროსიის იდეოლოგი, ულტრანაციონალისტი და ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი იგორ გირკინი (სტრელკოვი) შიშობს, რომ უკრაინისთვის დასავლური ტანკების მიწოდება "უბედურების დასაწყისია". ამის შესახებ მან რუსულ პროპაგანდისტულ ტელეარხ RTVI-სთან ისაუბრა. 

"უბედურების დასაწყისია... რადგან რუსეთის ფედერაციამ ვერაფერი შეძლო ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი გაეცა, მაშინ, ვივარაუდებ, რომ მომავალი მიწოდებები რეგულარული იქნება. ვფიქრობ, რომ Abrams-ის 30 ტანკი, ასევე რამდენიმე ათეული Leopard-ი, რომელთაც NATO-ს სხვა ქვეყნები [უკრაინას] აწვდიან, უკრაინისთვის დაახლოებით ორ თვეში საკმაოდ ძლიერ სატანკო ბრიგადებს შექმნიან, თანამედროვე შეიარაღებით, სათადარიგო ნაწილებით, საწვავითა და დასავლეთში გაწვრთნილი ეკიპაჟებით. ვფიქრობ, ჩვენს სამხედროებს, სამწუხაროდ, ამ ბრიგადასთან ბრძოლა გაუჭირდებათ". – თქვა თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ყოფილმა ე.წ. თავდაცვის მინისტრმა. 

გირკინმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიწოდებული ტანკები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე ის ტექნიკა, რომელიც ახლა რუსეთის ჯარში გამოიყენება.

"სამწუხაროდ, მტრის ჯავშანტექნიკა მრავალი პარამეტრით ჯობნის იმ ტექნიკას, რომელიც ახლა ჩვენს ჯარში აქვთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ [დასავლეთი უკრაინას] ალბათ საუკეთესო მდგომარეობაში მიაწვდის". – თქვა გირკინმა. 

გირკინის თქმით, რუსეთში არ იწარმოება ის ტანკები, რომლებიც დასავლური მოდელების წინააღმდეგ იყო გათვლილი, მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ამ პროექტებში დიდი თანხა გადაიხადა.

"ტანკები, რომლებზეც იგეგმებოდა, რომ მათთვის (დასავლური ტანკებისთვის) წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ, ეგრეთ წოდებული Армата Т-14, ჩვენთან უბრალოდ არ აწარმოებენ. ისინი თავდაცვის სამინისტროს ფოლკლორის შემოქმედებად დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი ჰქონდათ და მათ შემუშავებაზე უდიდეს თანხას ხარჯავდნენ". – აღნიშნა რუსმა ულტრანაციონალისტმა. 

გირკინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კიევმა 300 ტანკი, 300 ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 500 თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო დანადგარი მოითხოვა და თუ მსგავს შეიარაღებას მიიღებენ, მისი აზრით, უკრაინა საკუთარ საზღვრებს დაუბრუნდება.

"თუ შესაძლებლობა ექნებათ, რომ მსგავსი ჯგუფი მუდმივად შეინარჩუნონ, მაშინ, ალბათ, ფაქტობრივად, მთელი სატანკო არმიის შექმნას შეძლებენ. ჩვენს სამხედროებს მათთან ბრძოლა ძალიან გაუჭირდებათ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ფრონტზე რეზერვიდან გავუშვით უკვე Т-62-ები, რომლებიც დიდი ხნის წინ შეიარაღებიდან ამოიღეს არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციაში, არამედ საბჭოთა კავშირშიც კი". – თქვა სტრელკოვმა. 

ვინაა გირკინი, ვისაც ჰააგამ MH17-ის რეისის ჩამოგდებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

25 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას Abrams-ის ტიპის 31 ტანკსა და შესაბამის ნაწილებს გაგზავნის. აქამდე, გერმანიამაც დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2A6-ის ტიპის 14 ტანკს გადასცემს და პარტნიორ ქვეყნებს საკუთარი წარმოების ტანკების ექსპორტის უფლებას მისცემს. უკრაინისთვის ტანკების გადასაცემად სხვა ევროპული ქვეყნებიც ემზადებიან. 

კომენტარები