ბიძინა ივანიშვილის საქმე

ივანიშვილის მტკიცებით, Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში მასზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენდნენ

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: George Nebieridze , BuzzFeed

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით,  ივანიშვილი ადასტურებს პოლიტიკურ ზეწოლას Credit Suisse-თან სამართლებრივ დავაში. მისი თქმით, ბანკი ქმნიდა მოლაპარაკებების ილუზიას და ბანკის წარმომადგენლები მასზე პოლიტიკურ ზეწოლას განაგრძობდნენ.

"მათ, ვინც ამ ამბავს მიჰყვებიან, ახსოვთ, რომ Credit Suisse-თან მიმდინარე დავა გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური გახდა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ. რამდენიმე კვირაში ივანიშვილს შეეზღუდა თანხასთან წვდომა და პრობლემები შეექმნა ხელოვნების ნიმუშებისა და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი დიდი ძალისხმევით მოგვარდა იურიდიული საშუალებებით, თანხასთან წვდომის ძირითადი პრობლემა კვლავ გრძელდება და მიგვაჩნია, რომ ეს არის არაფორმალური სანქციები.

ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადარჩა Credit Suisse-ის არასწორი მენეჯმენტისა და თაღლითობის დროს. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის ოფიციალური მოთხოვნის გამო". - ვკითხულობთ ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ წერილში. 

ამასთან, წერილში ვკითხულობთ, რომ Credit Suisse-ის ტრასტები იყენებენ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ორ რეზოლუციას, რომლითაც დეპუტატები აღმასრულებელ ორგანოებს ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციას უწევდნენ.

"2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების რეკომენდაციით, მაგრამ ეს არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. ამ ფონზე, Credit Suisse-მა ბოლო გადარიცხვები განახორციელა კლიენტზე და ახლა აღნიშნავენ, რომ ამან ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადაეცა Credit Suisse-ს და ბანკი და მისი დანიშნული რწმუნებული დაინტერესებული არ უნდა ყოფილიყვნენ, არ შეესრულებინათ კლიენტის მოთხოვნები. შედეგად, ივანიშვილი ამ ობსტრუქციულ ქმედებას განიხილავს როგორც "პოლიტიკურ ზეწოლას" - მარტში მიღებული გადაწყვეტილების მსგავსს, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო "აღმოსავლეთ ევროპაში გეოპოლიტიკური სიტუაციით".

14 დეკემბერს მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, რომ დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, როგორც საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე პასუხისმგებელ პირს.


ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სთან მრავალწლიანი დავის მოგების შემდეგ შვეიცარიული ბანკის მიერ დანიშნულ რწმუნებულ Green Vals Trust-ს გერნისის სასამართლოში უჩივის. ივანიშვილის ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ის რწმუნებულ კომპანიასთან პრობლემები ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

იურიდიული ფირმა MKD-ის 7 ივლისის განცხადების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა 5 ივლისს შვეიცარიული ბანკისგან წერილი მიიღო, სადაც ევროპარლამენტის 7 ივნისის რეზოლუციაზეა საუბარი, რომელიც ივანიშვილის სანქცირებას ემხრობა. ფირმის ცნობით, "ბანკი განმარტავს, თითქოსდა, ხსენებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან რეგულატორული ვალდებულებები და რომ ტრასტი თავის მოქმედებებს აღარ განახორციელებს სასამართლოს თანხმობის გარეშე".

თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს უჩიოდა ბრალდებით, რომ ბანკმა ვერ შეძლო აღეკვეთა მისი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობა, რის შედეგადაც ივანიშვილმა $607 მილიონი დაკარგა. დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ბერმუდის სასამართლოს გარდა, ივანიშვილი ბანკს უჩივის ახალ ზელანდიასა და სინგაპურშიც. ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ოლიგარქის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა ინვესტირებული ქონების დაახლოებით ნახევარი სწორედ ამ ფილიალში დაკარგა.

კომენტარები