ევროპული საქართველო

ოპოზიცია კონტროლის მექანიზმს არ იყენებს – ევროპელები ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებზე

საკრებულოებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ექსპრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის უმოქმედობასთან დაკავშირებით ევროპულმა საქართველომ ბრიფინგი გამართა. გიგა ბოკერიას, ბესო დონაძისა და აკაკი ბობოხიძის ინფორმაციით, 2022 წლის ივლისსა და დეკემბერში ინფორმაცია გამოითხოვეს ორი - ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებიდან, რომლებშიც ოპოზიციას უმრავლესობა აქვს. მათივე ცნობით, მიიღეს "უმძიმესი სურათი", რომლის მიხედვითაც საკრებულოები კონტროლის მექანიზმს ეფექტურად არ იყენებენ.  

პარტიის თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, მათი მიზანი ოპოზიციური პარტიების ქმედებაზე საზოგადოების ინფორმირებაა, რათა ქართულ ოცნებას "ყველა პარტიის საერთო ქვაბში მოზელვის" ამოცანა გაურთულონ და ენმ-ს "უმოქმედობა ანმ უპასუხისმგებლობა" მთლიან ოპოზიციას არ მიეწეროს. 

"ჩვენ უკვე დიდი ხანია ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი უკანონო, ძალადობრივ, ცინიკურ მეთოდებთან ერთად ძალაუფლების შენარჩუნებისთვის თავის პროპაგანდაში იყენებს იმ არგუმენტს, რომ რეჟიმის ოპონენტებს, და აზოგადებს მთელ ოპოზიციას, რეჟიმზე მხოლოდ თავდასხმა შეუძლია და არ აქვს უნარი, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები არა მარტო ქვეყნის მართვის თვალსაზრისით, არამედ იქ, სადაც აქვს ეფექტური ინსტრუმენტები. რაც მთავარია, პროპაგანდაში ის ყველა ოპოზიციურ პარტიას ერთად ზელს და ამ ყველაფერს ხშირად არქმევს ხოლმე ნაციონალური მოძრაობის სახელს.  

ჩვენ, ევროპულ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საზოგადოების ინფორმირება მოვახდინოთ იმაზე, თუ როგორ იქცევიან ცალკეული პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით, ისინი, რომლებიც დღეს ხელისუფლების ოპონენტების უფრო მსხვილი მხარდაჭერით სარგებლობენ - პირველ რიგში, ნაციონალური მოძრაობის. გვსურს, რეჟიმს გავურთულოთ ამოცანა, რომ ყველანი ერთ საერთო ქვაბში მოგვზილოს და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის უმოქმედობა ან უპასუხისმგებლობა მიეწეროს ყველას და ამით დაინერგოს უიმედობა, ნიჰილიზმი ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც რეჟიმის შეცვლა სურთ.  

მინდა, შეგახსენოთ, რომ მთლიანად საპარლამენტო ოპოზიცია - ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორები, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი თუ სხვები, დღემდე უარს არცხადებენ არალეგიტიმური პარლამენტის დატოვებაზე. თავის დროზე, კრიტიკულ მომენტში ეს არ გააკეთეს. ამავე დროს, საზოგადოებას ეუბნებიან, რომ პარლამენტში ვერაფერს ვერ აკეთებენ, რადგან ამ რეჟიმის უმრავლესობა მათ არ აძლევს ეფექტურ ინსტრუმენტებს, რათა აკონტროლონ ხელისუფლება და განახორციელონ ის ფუნქციები, რაც უნდა ჰქონდეს საპარლამენტო ოპოზიციას". - ამბობს ბოკერია. 

გიგა ბოკერიას თქმით, პარტია და მისიწევრი, ბესო დონაძე დაინტერესდა, თუ როგორ იქცევიან ოპოზიციური პარტიები იქ, სადაც ამომრჩევლის ნებით საკრებულოებში უმრავლესობა მოიპოვეს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას უმრავლესობა ზუგდიდისა და რუსთავის საკრებულოებში აქვს. ბოკერიას სიტყვებით, პარტია დაინტრესდა, დგამს თუ არა ოპოზიცია საკრებულოებში იმ მინიმალურ ნაბიჯებს, რისი საშუალებაც, მათი თქმით, არ ეძლევათ პარლამენტში, სადაც მაინც რჩებიან.  

"ჩვენ მივიღეთ საზოგადოების ინტერესებისა და საკუთარი მოვალეობების სრული უგულებელყოფის უმძიმესი სურათი". - ამბობს გიგა ბოკერია.  

ბესო დონაძის თქმით, 2022 წლის ივლისსა და ამავე წლის დეკემბერში საკრებულოსა და მერიას მიმართეს წერილით, რათა გაეგოთ, საკრებულომ, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, შეამოწმა თუ არა მერია და ქართული ოცნების მერი. დონაძის შეფასებით, პასუხები, რომლებიც ევროპულმა საქართველომ  მიიღო, საგანგაშოა. 

"ზუგდიდის საკრებულო, რომელსაც შექმნილი აქვს საფინანსო-საბიუჯეტო-სარევიზიო კომისია, აცხადებს, რომ არ განუხორციელებია სარევიზიო საქმიანობა - ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მას ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი არ შეუმოწმებია. მას არ შეუმოწმებია, რატომ ჰყავს ძალიან ბევრი თანამშრომელი აიპებში - მოგეხსენებათ, რომ ქართული ოცნების პარტაქტივით არის სავსე აიპები. ანუ, ზუგდიდის საკრებულო მისი კონტროლის მექანიზმს ეფექტურად არ იყენებს.  

გამოვითხოვეთ ინფორმაცია რუსთავის საკრებულოდან და კიდევ უფრო საგანგაშო პასუხი მივიღეთ. რუსთავის საკრებულოს არათუ არ შეუმოწმებია და სარევიზიო საქმიანობები არ განუხორციელებია მერიაში, საერთოდ არ შეუქმნია სარევიზიო კომისია, შესაბამისად, ვერც შეამოწმებდა მერიას". - ამბობს ბესო დონაძე. 

დონაძის ინფორმაციით, პასუხები მიიღეს როგორც საკრებულოდან, ასევე მერიიდან. მისივე სიტყვებით, საკრებულოს უფლებამისოლებაა, შეამოწმოს, როგორ იხარჯება მის მიერ მიღებული ბიუჯეტი და როგორ აღასრულებს მერია მის მიერ მიღებულ კანონებს, დონაძის შეფასებით, საგანგაშოა, როდესაც რუსთავისა და ზუგდიდის საკრებულო ამას არ აკეთებს.  

"ჩვენ ყველამ კარგად ვიცით კორუფციული ფაქტების შესახებ, ყველამ კარგად ვიცით პარტიული აქტივიდან აიპებში რამდენი დასაქმებული ჰყავთ. შესაძლებელი იყო ამ ყველაფრის დოკუმენტურად დასაბუთება. შესაძლებელი იყო, საკრებულოს მისი უფლებამოსილების ფარგლებში ეფექტური კონტროლი გამოეყენებინა". - ამბობს ბესო დონაძე.  

პარტიის წევრის, აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ერთადერთი ეფექტური კომისია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში შექმნილა, დროებითი საგამოძიებო კომისია იყო, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს ხელმძღვანელობით შეიქმნა.  

"სარევიზიო კომისია არის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და უფრო მეტი უფლებების მქონე. დროებითი კომისიისგან განსხვავებით, ეს არის მუდმივმოქმედი კომისია. ესაა არა კონკრეტულ საქმეზე შემქნილი, არამედ კომისია, რომელიც აუცილებელია, იქმნებოდეს და აუცილებელია, ზედამხედველობას უწევდეს მერიების მუშაობას. რაც ყველაზე მთავარია, ნებისმიერ სხვა საკრებულოსა თუ, მათ შორის, პარლამენტში, ოპოზიციას აქვს ლეგიტიმური არგუმენტი, რომ ის ეფექტურად ვერ საქმიანობს და მისი საქმიანობა შემოიფარგლება მხოლოდ კონტროლით, იმიტომ, რომ მას ბერკეტები არ აქვს, ამ 2 საკრებულოში ყველაფერი პირიქით არის - მართვის ბერკეტები ნაციონალური მოძრაობისა და გახარიას ერთობას აქვს, ქართული ოცნება კი ოპოზიციაშია. ამ 2 საკრებულოში არ არსებობს არანაირი არგუმენტი, თუ რატომ ვერ მუშაობენ ეფექტურად". - ამბობს აკაკი ბობოხიძე. 

კომენტარები