რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მხოლოდ ერთი ქვეყნის თანხმობაა საჭირო – ზელენსკი

გერმანიის შეიარაღებული ძალების Leopard 2-ის ტიპის ტანკი

ევროპული ქვეყნები ტანკების უკრაინაში გასაგზავნად მზად არიან, თუმცა ნებართვის მისაღებად ისინი მხოლოდ ერთ ქვეყანას ელოდებიან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროსაბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"პოლონეთი, ფინეთი, პორტუგალია, ესპანეთი და სხვა ქვეყნები მზად არიან, უკრაინას თუნდაც მცირე რაოდენობის ტანკები გაუგზავნონ. ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ. ყველანი ველოდებით იმ ქვეყნის თანხმობას, რომელსაც გარკვეულ ლიცენზიებზე აქვს უფლებამოსილება". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სავარაუდოდ, ზელენსკი გულისხმობდა გერმანიას, რამდენადაც, იმის გათვალისწინებით, რომ Leopard-ის ტიპის ტანკები დამზადებულია გერმანიის თავდაცვის საწარმოს მიერ, მათი გადატანა NATO-ს არაწევრ ქვეყნებში გერმანიის თანხმობას მოითხოვს.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროების გამბედაობა და მოტივაცია ათასობით რუსული ტანკების წინააღმდეგ ბრძოლისთვის საკმარისი არ არის, მათ სჭირდებათ იარაღით მომარაგება. 

აქამდე პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ აღნიშნა, რომ ვარშავამ შესაძლოა უკრაინას გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტიპის ტანკები ბერლინის თანხმობის გარეშე გადასცეს, თუ გერმანია ნებართვის გაცემას გააჭიანურებს. 

კომენტარები