საფრანგეთი

საფრანგეთში გაიფიცნენ მუშები, რომლებიც მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ

საფრანგეთში მუშები გაიფიცნენ, რომლებიც საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ. პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეფორმას, რომელიც საპენსიო ასაკის 2 წლით, 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, მუშებმა მატარებლების და ელექტროენერგიის წარმოების შეჩერებით უპასუხეს. 

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ფრანგი ამომრჩევლების უმრავლესობა ნეგატიურად აფასებს რეფორმას, რომელიც მთავრობის თქმით, საპენსიო სისტემის უზრუნველსაყოფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამასთან, პროფკავშირების მტკიცებით, არსებობს სხვა გზები საპენსიო სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად. მათივე თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია და მომავალში საფრანგეთში უფრო მეტ გაფიცვასა და დემონსტრაციას უნდა ველოდოთ.  

"ინფლაცია, სამუშაო პირობები, პენსიები... [ხალხს] ეს ყველაფერი მობეზრდა და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ბევრი შემოგვიერთდება". – თქვა სიმონ ლეჟენდრმა, ერთ-ერთი პროფკავშირის წევრმა, რომელიც თეთრსაყელოიან მუშებს წარმოადგენს.

შრომის სამინისტროს შეფასებით, საპენსიო ასაკის ორი წლით გაზრდა და შესაბამისად, ანაზღაურების პერიოდის გახანგრძლივება წლიურ საპენსიო შენატანს დამატებით 17.7 მილიარდი ევროთი გაზრდის. 

ამასთან, რეფორმის ძალაში შესვლამდე საჭიროა, რომ ის პარლამენტმა დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ მაკრონს პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა არ აქვს, ის იმედოვნებს, რომ კონსერვატორები რეფორმას მხარს დაუჭერენ.

კომენტარები