ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე ტრიბუნალის შექმნის რეზოლუციას კენჭი უყარა.

“რუსეთის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მსურველთა კოალიცია ყალიბდება და მას შეუძლია ევროპლარმანეტის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს”. - წერს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე Twitter-ზე.

ერთობლივი შუამდგომლობა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე ტრიბუნალის შექმნის შესახებ:

ვინაიდან:

  • გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად, ყველა სახელმწიფო სარგებლობს თანაბარი სუვერენიტეტით და საერთაშორისო ურთიერთობებში თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ძალის მუქარის გამოყენებისგან;
  • 2014 წლის თებერვლიდან რუსეთი უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომშია უკრაინის წინააღმდეგ, რომელიც მან განაახლა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში მასიური შეჭრით;
  • რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე ბუჩაში, ირპენში და უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში ცხადყოფს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის სისასტიკეს და ხაზს უსვამს კოორდინირებული საერთაშორისო მოქმედების მნიშვნელობას რუსეთის ანგარიშვალდებულების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ყველა დარღვევის დასადგენად;
  • 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა ცალმხრივად გამოაცხადა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოლქების: დონეცკის, ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპორიჟიეს ანექსირება;
  • ამ დროის განმავლობაში რუსეთის ძალები თავს დაესხნენ საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და დახოცეს ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე;
  • ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს, მათ შორის ბავშვები და მრავალი სხვა აწამეს, შეავიწროვეს, სექსუალურად იძალადეს და იძულებით გადააადგილეს; 
  • რუსეთის ძალების და მათი მარიონეტების ეს არაადამიანური საქციელი არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული უგულებელყოფა;

ამიტომ ევროპარლამენტი:

  • მკაცრად გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, გამოხატავს მის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს რუსეთს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სამხედრო მოქმედება უკრაინაში, გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიებიდან;
  • ხაზს უსვამს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების აუცილებლობას, უკრაინასა და საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, გაეროს შუამდგომლობით, დაეხმაროს სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ხელმძღვანელობის მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად;
  • მიიჩნევს, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა შეავსებს ICC-ის როლს, ვინაიდან ის ყურადღებას გაამახვილებს სავარაუდო გენოციდზე, ომის დანაშაულებებზე და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე უკრაინაში;
  • მიიჩნევს, რომ სპეციალურ საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა ჰქონდეს იურისდიქცია, რომ გამოიძიოს არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, არამედ ალექსანდრ ლუკაშენკო და ბელორუსის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა, რომლის ლოჯისტიკური მხარდაჭერითაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რადგან იგი ექვემდებარება აგრესიის დანაშაულის აღწერას რომის სტატუტის მე-8 მუხლის მიხედვით;
  • ფიქრობს, რომ სპეციალური ტრიბუნალის დაარსება ძალიან მკაფიო სიგნალს გაუგზავნის როგორც რუსულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ პუტინი და რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობა დაისაჯება უკრაინაში აგრესიის დანაშაულისთვის;
  • ხაზს უსვამს, რომ ამ ტრიბუნალის შექმნა იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის, ასევე რუსეთის მოკავშირეებისთვის, რომ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის ფედერაციისთვის დასავლეთთან ურთიერთობის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლებელია;

რეზოლუცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.europarl.europa.eu/doceo/document/RC-9-2023-0063_EN.html

კომენტარები