თალიბანი ქაბულში ქალის ტანსაცმლის მაღაზიებს მანეკენების თავის დაფარვას აიძულებს

თალიბანის მმართველობა ქალაქ ქაბულში ქალის ტანსაცმლის მაღაზიებს მანეკენების თავების დაფარვას აიძულებს. 

თავდაპირველად თალიბებს სურდათ, მაღაზიებში მანეკენები უთავოდ დაედგათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბანის სათნოებისა და ცოდვის სამინისტრომ განკარგულება გასცა, რომლის მიხედვით ტანსაცმლის მაღაზიებიდან მანეკენები ან მთლიანად უნდა გაეტანათ, ან თავის გარეშე განეთავსებინათ.

ეს გადაწყვეტილება ისლამური კანონის მკაცრ ინტერპრეტაციაზეა დამყარებული, რომელიც ქანდაკებებსა და ადამიანის ფორმის გამოსახულებებს კრძალავს იმ მიზნით, რომ ადამიანებმა მათ, როგორც კერპებს, თაყვანი არ სცენ. 

სამინისტროს განკარგულებას ზოგიერთი საცალო მოვაჭრე დაემორჩილა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც წინააღმდეგობის გაწევა სცადეს, ამიტომ თალიბებმა თავიანთი ბრძანება შეცვალეს და მაღაზიების მფლობელებს მანეკენისთვის თავის მოჭრის ნაცვლად, მისი დაფარვის უფლება მისცეს. 

ამ გადაწყვეტილების შემდეგაც მაღაზიის მფლობელებს უნდა დაეცვათ ბალანსი თალიბებისადმი მორჩილებასა და მომხმარებლების მოზიდვას შორის.

მათ მიერ მოფიქრებული მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები საშუალო კლასის ერთ-ერთ კომერციულ ქუჩაზეა გამოფენილი - მაღაზიის ვიტრინები გაფორმებულია მანეკენებით, რომლებსაც საღამოს ფერადი კაბები აცვიათ, თუმცა ყველა მათგანის თავი თავსაბურავითაა დამალული. 

"მე არ შემიძლია მანეკენების თავები მახინჯი ნაჭრით დავფარო, რადგან ეს ჩემი მაღაზიის ფანჯარას მთლიანად დაამახინჯებს." – თქვა ბაშირმა, ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.

თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლისას განაცხადეს, რომ ისინი მათი პირველი მმართველობის დროს არსებულ მკაცრ კანონებს აღარ დააწესებდნენ, თუმცა თანდათანობით უფრო და უფრო მეტი შეზღუდვა ამოქმედდა, განსაკუთრებით კი ქალებზე.

ავღანეთში ქალებს მე-6 კლასის შემდეგ სკოლაში სიარული ეკრძალებათ, ბევრი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამასთან, თალიბები მოითხოვენ, რომ ქალებმა გარეთ ყოფნისას სახე დაიფარონ. 

"როდესაც მათ ვხედავ, ვგრძნობ, რომ ეს მანეკენებიც დატყვევებულები არიან, ხაფანგში ჩავარდნილი და შიშის გრძნობა მეუფლება…

ვგრძნობ, რომ ამ მაღაზიის ფანჯრებს მიღმა საკუთარ თავს ვხედავ, ავღანელ ქალს, რომელსაც ყველა უფლება ჩამოერთვა." – ამბობს ქალაქ ქაბულში მცხოვრები ქალი, რომელმაც ABC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სრული სახელი არ გაამხილა. 

კომენტარები