ენმ

მელია კეზერაშვილზე: თანამშრომლობა და კონტროლი სხვადასხვა რამეა, არაფორმალური გავლენა სურდა

ნიკა მელია
REUTERS/Zurab Tsertsvadze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ენმ-ზე კონტროლის დამყარების მცდელობასა და არაფორმალური მმართველობის სურვილში ადანაშაულებს. მან TV პირველის ეთერში თქვა, რომ ენმ-ს წევრებს პარტიის შიდა არჩევნების დანიშვნა სწორედ დავით კეზერაშვილმა და ვანო მერაბიშვილმა "მოათხოვნინეს". 

"რა თქმა უნდა, მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, მე როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არც მეტი, არც ნაკლები, არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა" - თქვა მელიამ და აღნიშნა, რომ კეზერაშვილმა "გამოიჩინა ამბიცია, რომ ვიღაც უნდა ყოფილიყო პარტიაში ლიდერად, ვიღაც არ უნდა ყოფილიყო".

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, "თანამშრომლობა რას ნიშნავს, გაფინანსებდათ? კეზერაშვილის ფული კარგია და კეზერაშვილი ცუდი?", ნიკა მელია პასუხობს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პარტიას აფინანსებდა და არა მას.

" თქვენს ტელევიზიას ხვალ და ზეგ ნებისმიერი სახის დონორი თუ აღმოუჩენს დახმარებას, მე მივესალმები. ხვალ და ზეგ თუ პარტია ნაციონალურ მოძრაობას ნებისმიერი დონორი აღმოუჩენს დახმარებას, ან დახმარების ხელს გაუწვდის, მივესალმები, ვგულისხმობ პროდასავლური ღირებულებების ადამიანებს. მაგრამ როდესაც ის ცდილობს, ვინც არ უნდა იყოს, თქვენი ტელევიზიის ხელში ჩაგდებას და შიდა სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, ეს ხომ უკვე აღარ არის არც პარტნიორობა და არც თანამშრომლობა?

ჩვენს ურთიერთობაში დაფიქსირდა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც მე ჩავდექი მდგომარეობაში, რომ კონკრეტული პოლიტიკოსი ნაციონალური მოძრაობიდან, რომელსაც აქვს ძალიან მდიდარი ბიოგრაფია, არ უნდა ყოფილიყო პარტიის სახე და პარტიის თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ ცალკე აღებულ ადამიანს ასე სურდა, ჩემთვის ეს იყო წითელი ხაზი" - ამბობს ნიკა მელია.

ენმ-ს მოქმედ თავმჯდომარეს არ დაუსახელებია, პარტიიდან ვისი გაწევა მოითხოვა დავით კეზერაშვილმა. ინგა გრიგოლიას კითხვაზე, იყო თუ არა ეს ადამიანი კობა ნაყოფია, ნიკა მელიამ თქვა, რომ "კობა იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავად ისაუბრებს".

"ამ ადამიანს ყველა ვიცნობთ, მას ექნება საშუალება, თავად ისაუბროს. ამ ძალიან პრობლემატური საკითხის დაფიქსირების შემდეგ მე მქონდა დათო კეზერაშვილთან საუბარი და ჩვენი გზები გაიყო.

არცერთ ადამიანს ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, მითუმეტეს გარედან, რომელიც ერთი შეხედვით წარმოჩინდება როგორც უანგარო მხარდამჭერი და მეორეს მხრივ, ძალიან ცოტა ხანში ნათლად დავინახავ, რომ სხვა ინტერესი აქვს, გაქანება არ ექნება ამ პარტიაში. იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ რამე განგვასხვავებს ძალიან ბევრ კონტექსტში, ძალიან ბევრ კრიტერიუმში ქართული ოცნებისგან, არის არაფორმალური მმართველობის არარსებობა ჩვენს პარტიაში" - ამბობს ნიკა მელია.


ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში არჩევნები 28-29 იანვარს, ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება. პარტიას თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი ჰყავს – მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარტიის წევრი ლევან ხაბეიშვილი, აქტივისტი გიორგი მუმლაძე და ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი. თავდაპირველად კენჭისყრაში მონაწილეობას აპირებდა ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძეც, თუმცა ხაბეიშვილის მიერ კანდიდატურის დაყენების შემდეგ მან კანდიდატურა მოხსნა

კომენტარები