რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გონჩარენკო: რადაში ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს ვაგროვებთ

Eurosolidarity.org

უკრაინის რადაში პრეზიდენტის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ავრცელებს.

გონჩარენკოს შეფასებით, არესტოვიჩის განცხადებებში სახელმწიფო ღალატის ნიშნები იკვეთება და მისი ცნობით, რამდენიმე დეპუტატმა ასევე მიმართა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს.

"არესტოვიჩის გადაყენების დროა. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ხელმოწერებს ვაგროვებთ პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

1. არესტოვიჩი წავიდეს;

2. გავრცელდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს არ აქვს კავშირი პრეზიდენტის ოფისთან;

3. დეპუტატების მიმართვა გავუგზავნეთ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებს, რადგან არესტოვიჩის მოგონილი ამბები ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც პასუხობს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმებს.

ომის დროს ჩვენ ყურადღებით და ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით". - წერს გონჩარენკო.

რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა გადაცემაში Фейгин Live თქვა, რომ დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილის ჩამონგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ რუსული Х-22 რაკეტის ჩამოგდებამ გამოიწვია.

ქალაქ დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის სიტყვებით, პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა რუსულ პროპაგანდას ზემოხსენებული განცხადებით საჩუქარი გაუკეთა.

კომენტარები