ჩეხეთი

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ჩეხეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან პირველ ტურში ერთპიროვნული გამარჯვება ვერცერთმა კანდიდატმა მოიპოვა.

პირველ ტურში გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, პეტრ პაველმა ამომრჩეველთა ხმების 35.39% მიიღო, ხოლო ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა - 35%. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ეს ორი კანდიდატი დაუპირისპირდება.

ჩეხეთში პრეზიდენტის პოსტი არ მოიცავს აღმასრულებელ უფლებამოსილებას, მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პრემიერმინისტრების, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების დანიშვნასა და საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეების წარდგენაში. ჩეხეთის პრეზიდენტებს ასევე შეზღუდული გავლენა აქვთ საგარეო საქმეებში და არიან არმიის მთავარსარდლები.

ჩეხეთის სასამართლომ გასულ კვირას პრეზიდენტობის კანდიდატი და ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო. ბაბიშს ევროკავშირის ფონდებიდან გამოყოფილი თანხის (€2 მილიონი) უკანონო მითვისებაში ედებოდა ბრალი. 

ჩეხეთის სასამართლომ ყოფილი პრემიერმინისტრი ანდრეი ბაბიში უდანაშაულოდ ცნო

ბაბიში 2014-2017-ში ჩეხეთის ფინანსთა მინისტრი, ხოლო 2017-2021 წლებში პრემიერმინისტრი იყო. ჯერ კიდევ 2019 წელს, ბაბიშის წინააღმდეგ პრაღაში ათიათასობით ადამიანი მისი გადადგომის მოთხოვნით ქუჩებში გამოვიდა. ბაბიშმა პრემიერმინისტრის თანამდებობა საბოლოოდ 2021 წლის არჩევნების შემდეგ დატოვა, როდესაც ის მოქმედ პრემიერმინისტრ პეტრ ფიალასთან დამარცხდა.

კომენტარები