ალასანია რ2-ის ჩანაწერზე: არ მომისმენია, უარვყოფ, 2 წლის წინ რომ დამირეკეს, ახლა გაახსენდათ?

გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია უარყოფს რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერის ნამდვილობას და მას მონტაჟს უწოდებს. ალასანია სვამს კითხვას, თუ რატომ გაახსენდათ ორი წლის წინანდელი სატელეფონო საუბარი ახლა და მის სააკაშვილის სასამართლო პროცესებს უკავშირებს.

"არ მომისმენია, არც მაინტერესებს ეს სისულელეები. ჯერ ერთი, ორი წლის წინ რომ ვიღაცამ დამირეკა, ახლა გაახსენდათ ორი წლის წინანდელი ამბავი, ახლა მაინცდამაინც, როცა ჩემი შვილის პროცესები მიდის? რას ნიშნავს ახლა ეს? რა თქმა უნდა, უარვყოფ, რა სისულელეა, რას ბოდავენ, რას ჩმახავენ, რას ამონტაჟებენ, რას იგონებენ.

ყველას ინტერესი შეიძლება იყოს, ვინც ჩვენი წინააღმდეგია, ჩემი და ჩემი შვილის. არ გელაპარაკებით, არ მაინტერესებს ეგ თემა საერთოდ. მე ახლა ერთადერთი თემა მაინტერესებს, ყველამ იცის, რა თემაც მაინტერესებს. რაებს იგონებენ, საერთოდ როგორ ბედავენ?" – თქვა ალასანიამ იმედთან სატელეფონო საუბრისას.

11 იანვარს რუსთავი 2-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის ნამდვილობა დადასტურებული არ არის. მასალაში, რომელიც არ არის უწყვეტი, სავარაუდოდ, ალასანია საუბრობს ოპოზიციაზე, რომელსაც პარაზიტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მიხეილ სააკაშვილის "ხარჯზე იყვნენ".

"რა თქმა უნდა, მეშინია, ძალიან მეშინია და საერთოდ რომ ჩავედი, იმით ჩავედი, რომ მეთქვა, არ წამოხვიდე, მაგრამ ვერ ეტყვი მაგას, იმიტომ, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. მოკლედ, ასეთ საგიჟეთში ვართ, ფაქტია, რომ ვართ ამ საგიჟეთში. რა ვიცი, ძალიან მეშინია, რა თქმა უნდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ისევ მთავარი ის არის, რუსეთი რას ფიქრობს ამ მომენტში. მე ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთს რაღაც ასეთ ცუდ ნაბიჯზე წასვლა...

რუსებსაც არ უნდათ ეს ივანიშვილი – ხომ ჩანს, ახლა ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე რომ ჩვენ გვაჩვენებს, ხომ რუსები აწვდიან. უნდათ ახლა გახარიაზე მუშაობა, თანაც ისიც იციან, რომ გახარია ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს, არ აქვს პროცენტულად ის შედეგები, მაგრამ ამზადებენ მომავლისთვის. ამიტომ, ამ სიტუაციაში მე არ ვიცი ამ ჩემს შვილს აქ რა დახვდება. აი, შეიძლება, ისევ თვითონ რუსეთმა ჩათვალოს საჭიროდ და ეს ოპოზიციაც ასე არასწორად გაზრდილი ხალხია. ეგენი არიან ბუნებით პარაზიტები. სულ, მისდღემჩი პარაზიტობდნენ ამ მიშიკოს. მიშიკოს კარგად ყოფნის დროსაც პარაზიტობდნენ და ცუდად ყოფნის დროსაც ამის ხარჯზე იყვნენ". – ამბობს, სავარაუდოდ, გიული ალასანია.

კომენტარები