5 ივლისის ძალადობა

მერია: პარლამენტის ტერიტორიაზე ჯვრის კონსტრუქციის განთავსების ნებართვა არ იძებნება

RFE/RL

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის განცხადებით, პარლამენტის წინ პუტინისტური ჯგუფების მიერ აღმართული ჯვრის განთავსების ნებართვა ბაზაში არ არსებობს. არქიტექტურის სამსახურმა კონსტრუქციის შესახებ პარლამენტის წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უპასუხა, რომელსაც დეპუტატი ავრცელებს.

"სამსახურის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემასა და მონაცემთა ბაზაში ინფორმაცია ქ. თბილისში, რუსთაველის გამზ. N8-ში არსებულ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქციის განთავსების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არ იძებნება". – ნათქვამია არქიტექტურის სამსახურის პასუხში.

სამნიძის ცნობით, მერიის სამსახურს არ უპასუხია ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყების შესახებ.

ჯვრის ფორმის რკინის კონსტრუქცია პარლამენტის წინ ჰომოფობიური, რადიკალური ჯგუფების წარმომადგენლებმა 2021 წლის 5 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ღონისძიების კონტრაქციის დროს დადგეს. ჯვარი დღემდე პარლამენტის მთავარ შესასვლელთანაა აღმართული.

კომენტარები