ოქროს გლობუსი 2023

"მესამე მსოფლიო ომი არ იქნება" – ოქროს გლობუსზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გაუშვეს

Variety

რიგით მე-80 ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა გაუშვეს. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვა ოსკაროსანმა მსახიობმა შონ პენმა წარადგინა.

"მეორე მსოფლიო ომი ჯერ არ იყო დასრულებული, მაგრამ ყველასთვის გასაგები იყო ვინ გაიმარჯვებდა. წინ ჯერ კიდევ იყო ბრძოლა და ცრემლები, და ამ ვითარებაში ოქროს გლობუსმა 1943 წლის საუკეთესო მსახიობები დააჯილდოვა. ახლა 2023 წელი და ომი უკრაინაშია, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ყველასთვის გასაგებია ვინ გაიმარჯვებს. აქაც წინ ბრძოლა და ცრემლები გველის და შემიძლია ვთქვა, რომ გასულ წელს საუკეთესოები თქვენ იყავით – თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ადამიანები. ისინი ვინც გაერთიანდით და თავისუფალ უკრაინელ ხალხს დაუჭირეთ მხარი. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, ეს არ არის ტრილოგია, უკრაინა საკუთარ მიწაზე შეაჩერებს რუსულ აგრესიას". – განაცხადა ზელენსკიმ.

ომის დაწყების შემდეგ შონ პენი უკრაინაში რამდენჯერმე ჩავიდა. მსახიობმა 2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ორგანიზატორებს ზელენსკისთვის ეთერის დათმობა სთხოვა, უარის შემთხვევაში პენი საკუთარი ოსკარის გადადნობით იმუქრებოდა. ზელენსკის ოსკარზე გამოსვლის უფლება არ მისცეს, პენმა ოქროს ქანდაკება არ გაანადგურა, სამაგიეროთ კიევში ჩავიდა ჯილდო ზელენსკის გადასცა. ამერიკელ მსახიობს სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად რუსეთის ტეროტორიაზე შესვლა აეკრძალა

2023 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტებისა და გამარჯვებულების სრული სია იხილეთ ამ ბმულზე.

კომენტარები