საქართველო-უკრაინა

თავდაცვის სამინისტრო: საქართველოს უკრაინისგან ბუკის სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2007 წელს საქართველოს უკრაინისგან ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემები უსასყიდლოდ არ მიუღია და ქვეყანამ ის მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. ასევე, განცხადებაში წერია, რომ 2017 წელს თავდაცვის უწყებამ ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ ბუკის საჰაერო თავდაცვის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბუკის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს, მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო. აღნიშნული, საიდუმლო ხელშეკრულებით განხორციელდა, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ 2017 წელს თავდაცვის უწყებამ ასევე ათობით მილიონი დოლარი გადაიხადა აშშ-სგან ჯაველინის ანტისატანკო სისტემების შესყიდვის მიზნით". - წერია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში უწყება ასევე აღნიშნავს, რომ მის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, საქართველო უკრაინის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას მტკიცედ აგრძელებს. 

"რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის ან ორმაგი დანიშნულების საშუალებების გადაცემას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააჟღერა მკაფიო პოზიცია". - წერია განცხადებაში.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა.

კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ, არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.

კომენტარები