მიხეილ სააკაშვილი

მეუფე იაკობი: გმირი კაცი ციხეშიც გმირია, მიხეილ სააკაშვილს კი ციხეში ყოფნის ეშინია

ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგების დროს, საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც ისაუბრა. მეუფე იაკობის თქმით, სააკაშვილს ციხეში ყოფნის ეშინია. მისივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი რომ გამოსულიყო და ეთქვა, რომ მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობას თავად იღებდა, ხალხი მას სულ სხვანაირად შეხედავდა. 

"თუ ქვეყანა გიყვარს, კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირო მხარი, არამედ, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინო. მე ტყუილად არ ვლაპარაკობდი თემურლენგზე, შაჰ-აბასზე. შენ, უცხოელმა რა იცი, ჩემთან, ჩემს ისტორიაში რაიმე კარგის გამკეთებელი ვინ არის. რომ მეუბნები, ვიღაც დემოკრატიის შუქურააო, შეიძლება, შენთვის იყოს, მაგრამ, იქნებ ჩემთვის - წლები გავა და ჯვარი სწერიათ, იმათ რიგებში ჩავაყენოთ, ხომ? იმიტომ, რომ გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა რა. კაცური საქციელი რომ დამენახა, მე გამოვიდოდი და თავად ვიტყოდი, ხომ? ხომ ხედავს, ხალხის რისხვა როგორია. ხომ შეეძლო, გამოსულიყო და ეთქვა - კი, მინდოდა, რომ ჩემი მმართველობის დროს კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება. ვიღაცამ რაღაც დააშავა? ეთქვა, ჩემი ბრალია და იმათ ნაცვლად, რაც გინდათ, ის მიყავით, გინდათ ჯვარზე გამაკარით, გინდათ ის, ხო? ხომ სხვანაირად შევხედავდით, ვინც გამწარებული ჰყავს. მან მე რა უნდა გამამწაროს, ციხეში ყოფნის ეშინია. როცა უნდა, ქართველი და ქართველთა პრეზიდენტი იყო, როცა უნდა, უკრაინელი. ვიღაც პოდოლიაკი, იმ უცხო ქვეყნის საჯარო პირი, ჩაგვრაში რომ არის - თავიანთ საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს საქართველოში ნუ გამოაგზავნიდნენ და ტირილს ნუ დაიწყებდნენ. არ გამოეშვათ, უკრაინის საზღვარზე დაეჭირათ და ეს ამბები არ იქნებოდა. უკვე 16 წელია, ამათი მხრიდან, უკრაინელებზე არ ვლაპარაკობ, ქვეყნის აოხრება მიდის, ხომ? 2007 წლის ბოლოდან უკვე წინააღმდეგობა წავიდა. ისტორია როდის დაიწყო, 2020-ში თუ როდის? მაგაზე მეტი ყველას გვაქვს გაკეთებული და გავაკეთებთ კიდეც. ღმერთი და ჩვენი ისტორია მაგათ არ უნდათ და არაფერი. იმ ხალხს, რომელსაც ამწარებდნენ, წესიერად მოექცნენ და შენდობა ითხოვონ". - თქვა მეუფე იაკობმა ქადაგების დროს.

მეუფე იაკობმა ასევე თქვა, რომ საქართველოს ისტორიაში ქალები ეწირებოდნენ შანთებს და ბევრ რაღაცას უძლებდნენ. ხოლო მიხეილ სააკაშვილი კი, მისი თქმით, პალატაშია წამოგორებული და იქ ვერ ძლებს, რაც მისივე განცხადებით, სირცხვილია.

კომენტარები