სერბეთი

სერბეთი: აშშ-სა და EU-ს წარმომადგენლები კოსოვოზე სასაუბროდ გვეწვევიან

REUTERS/Johanna Geron

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის თქმით, აშშ-ისა და ევროკავშირის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ბელგრადს უახლოეს დღეებში ეწვევიან, რათა კოსოვოსთან დაკავშირებული დაძაბულობის მოგვარების შესაძლო გზები განიხილონ. სერბეთისა და კოსოვოს ურთიერთობა სერბეთის მიერ სასაზღვრო ტერიტორიაზე ჯარის გაგზავნის ფონზე, გასული კვირიდან განსაკუთრებით დაიძაბა.

"ჩვენ გვინდოდა მშვიდობა, რომელიც ძლივს გადავარჩინეთ. ჩვენ ბრალი არ მიგვიძღვის. პროვოკაცია არცერთი წამით არ გამოგვიწვევია, ზოგიერთმა პროვოკაციად თუ არ მიიჩნია ის, რომ კოსოვოში ჩვენს ხალხს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებად მივიჩნევთ". – თქვა ვუჩიჩმა. 

ამას გარდა, სერბეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მოწოდებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებასთან დაკავშირებით ბალკანეთის სახელმწიფოს შიდა საქმეებში "სასტიკ" ჩარევას წარმოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ სერბეთი ევროკავშირში გაწევრიანებას ოფიციალურად ითხოვს, მან არაერთხელ უგულებელყო მოწოდებები 27 ქვეყნის ბლოკის საგარეო პოლიტიკის მოთხოვნებთან დაკავშირებით. 

ბელორუსის გარდა, სერბეთი რჩება ერთადერთ ევროპულ ქვეყნად, რომელმაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარი თქვა.

კომენტარები