ირანი

Reuters: ჰიჯაბის გარეშე ასპარეზობის შემდეგ მოჭადრაკეს ირანში დაბრუნებას უკრძალავენ

REUTERS/Pavel Mikheyev

Reuters-ის ცნობით, ირანელი მოჭადრაკე, სარა ხადემი საცხოვრებლად სამშობლოში აღარ დაბრუნდება. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია ხადემთან დაახლოებულმა პირმა მიაწოდა, რომლის ვინაობასაც Reuters არ ასაჯაროებს.

როგორც Reuters-ის წყარო იუწყება, ყაზახეთში გამართულ ტურნირზე ჰიჯაბის გარეშე გამოჩენის შემდეგ მან მუქარის შემცველი ზარები მიიღო. ქალს ირანში დაბრუნებას უკრძალავენ. ემუქრებიან ხადემის ირანში მყოფ ოჯახის წევრებსაც. ზარების შემდეგ ტურნირის ორგანიზატორებმა, მოჭადრაკის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, საჭიროდ ჩათვალეს მისთვის პირადი დაცვის გამოყოფა. 

სარა ხადემი 3 იანვარს ესპანეთში ჩავიდა. Gaurdian-ის ცნობით, მოჭადრაკე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ესპანეთში აპირებს ცხოვრებას. 

ხადემმა საკითხთან დაკავშირებით Reuters-თან ინტერვიუზე უარი თქვა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე განცხადება არ გაუკეთებია.

კომენტარები