თბილისის მერია

"წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას" – კალაძე საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას

თბილისის მერია

თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში წლიური ანგარიშის წარდგენაზე სიტყვა ვაკის პარკში დაღუპული მოზარდის, მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. კალაძის თქმით, 2022 წელს მრავალი "გამარჯვების" მიუხედავად, ეს ტრაგედია ყველასთვის "დაუძლეველი ტკივილია".

"თბილისს წელს არაერთი გამოწვევა ჰქონდა, რომელთა დიდი ნაწილი გამარჯვებით დავაგვირგვინეთ, მაგრამ გამარჯვებებთან ერთად, რა თქმა უნდა, იყო ბევრი პრობლემა და სამწუხაროდ, დიდი ტრაგედია, რამაც ეს ყველაფერი გააუფერულა, როგორც პირადად ჩემთვის, როგორც დედაქალაქის მერისთვის, როგორც ოთხი შვილის მამისთვის და როგორც რიგითი ადამიანისთვის, ასევე ჩემი თანამშრომლებისთვის.

ყველა სიძნელე და სირთულე გადალახვადია, ყველა დანგრეული გზა აღდგენადია, მაგრამ ტრაგედია, რომელიც 2022 წელს თავს დაატყდა თბილისს, არა მხოლოდ ჩემთვის, დარწმუნებული ვარ, ყოველი თქვენგანისთვის, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა, არის დაუძლეველი ტკივილი. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ანგარიში მინდა დავიწყო მარიტას ხსოვნით, რომლის წინაშეც გვაქვს ვალდებულება, რომ მსგავსი ტრაგედია არასდროს არ განმეორდეს. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მარიტას ხსოვნას!" – თქვა კალაძემ.

საკრებულოში მისულ თბილისის მერს სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ბანერებით დახვდნენ. ხმაური იყო საკრებულოს სხდომაზეც.

კომენტარები