დიდი ბრიტანეთი

ჩარლზ III-მ, როგორც დიდი ბრიტანეთის მეფემ, მოქალაქეებს შობა პირველად მიულოცა

ჩარლზ III-მ, როგორც გაერთიანებული სამეფოს მეფემ, მოქალაქეებს შობა პირველად მიულოცა. მიმართვა უინძორების სასახლიდან შედგა, სადაც დედოფალი ელისაბედი და პრინცი ფილიპი არიან დაკრძალული. მეფემ პატივი მიაგო დედოფლის ხსოვნას და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მისი გარდაცვალების შემდეგ სიყვარული და თანაგრძნობა გამოხატა.

“არ შემიძლია საკმარისად გამოვთქვა მადლიერება იმ სიყვარულისა და თანაგრძნობისთვის, რომელიც ჩვენი ოჯახისადმი გამოხატეთ. შემიძლია გავიხსენო არაერთი წერილი, ბარათი და შეტყობინება, რომელიც მე და ჩემმა ცოლმა მივიღეთ. შობა განსაკუთრებით მტკივნეული პერიოდია ჩვენთვის, ვინც საყვარელი ადამიანები დავკარგეთ, რადგან ყოველ წამს  ვგრძნობთ ამ დანაკლისს.

დედაჩემს მარადიული ნათელის სწამდა. ეს მისი ღვთისადმი რწმენის ფუნდამენტს წარმოადგენდა, მაგრამ გარდა ამისა, მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ადამიანებისადმი რწმენა. მას მეც მთელი გულით ვიზიარებ. ეს გულისხმობს გჯეროდეს თითოეული ჩვენგანის განუსაზღვრელი შესაძლებლობის, სიკეთითა და თანაგრძნობით გავლენა მოვახდინოთ სხვების ცხოვრებაზე. სწორედ ასე ვრცელდება ნათელი სამყაროში და ამ პრინციპს ეფუძნება საზოგადოება”. - თქვა მეფემ.

ჩარლზ III-მ თავდაუზოგავი თავდადებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებულ ძალებს, სამაშველო სამსახურს, ჯანდაცვის მიმართულებით მომუშავე პერსონალს, სოციალურ მუშაკებს, მასწავლებლებს და ყველას, ვინც საჯარო სამსახურში საქმიანობს. 

“და ამ დიდი შფოთისა და გაჭირვების დროს, დაე, ეს დახმარება ხელმისაწვდომი იყოს მსოფლიოს ყველა კუთხეში მყოფთათვის, ვისაც დღეს კონფლიქტის ზონაში უწევს ცხოვრება, ვინც შიმშილის ან სტიქიური უბედურების წინაშე დგას… და ვხედავთ, რომ გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან დახმარების ხელი გაუწოდონ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება”. - თქვა ჩარლზ III-მ.

გაერთიანებული სამეფოს მეფემ ხაზი გაუსვა ქველმოქმედების მნიშვნელობას და მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანისა თუ ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც მძიმე პერიოდის გადალახვას შესაძლებელს ხდიან. მისი თქმით, სწორედ ეს იძლევა მომავლის იმედს.

კომენტარები