GDI: საერთო სასამართლოში ქებურიას 4-წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI-ის) ცნობით, საერთო სასამართლოებში "ბირჟა მაფიის" საქმეზე გიორგი ქებურიას 4 წლიანი დავა მისი გამარჯვებით დასრულდა.

ქებურია დავის ფარგლებში საქართველოს გენერალური პროკურატურისგან მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა, რაც დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულმა პალატამ ძალაში დატოვა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს გენერალურ პროკურატურას გიორგი ქებურიას სასარგებლოდ, უკანონო დაკავების, უკანონო პატიმრობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით 24 140 ლარის გადახდა დააკისრა.

ბირჟა მაფიის წევრები 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. გიორგი ქებურიას პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენას ედავებოდა. 2017 წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ქებურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რაც მალევე სააპელაციო სასამართლომ  20 000 ლარიანი გირაოთი შეცვალა.

 გიორგი ქებურიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა 2017 წლის 15 დეკემბერს პროკურორის დადგენილების საფუძველზე, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ გიორგი ქებურიას ქმედებაში ბრალდების სახით წარდგენილი დანაშაულის სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ნიშნები არ არსებობდა. 

კომენტარები