საგამოძიებო სამსახური

"ერთ-ერთ ბაზარში ცხენისა და ვირის ხორცს ყიდდნენ" – საგამოძიებომ 2 ადამიანი დაკავა

საგამოძიებო

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს - ისინი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე ცხენებსა და ვირებს კლავდნენ, ხორცს ამუშავებდნენ და თბილისის ერთ-ერთ ბაზარში საქონლის ხორცად ასაღებდნენ. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, კუსტარულად მოწყობილი ჰქონდათ ცხოველთა სასაკლაო, სადაც შესაბამისი ნებართვის გარეშე, კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულვებელყოფით, ახორციელებდნენ ცხენისა და ვირის ხორცის დამუშავებას, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში არსებული სავაჭრო ობიექტიდან საქონლის ხორცის სახით. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტიდან და სასაკლაოდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ცხენის ხორცი, ასევე აღმოჩენილ იქნა რამდენიმე ათეული ცხენი, რომლის დაკვლაც და რეალიზაციაც იგეგმებოდა წინა საახალწლოდ". - წერია განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე, 362- ე და 219-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.

კომენტარები