2008 წლის აგვისტოს ომი

ჰააგის ძებნილი სანაკოევი: სართაშორისო სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენება

დავით სანაკოევი

ოკუპირებილი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. დეპუტატი დავით სანაკოევი, რომელზეც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ძებნა გამოაცხადა, რამდენიმე დღის წინ ჰააგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან საუბარში გამოეხმაურა.

სანაკოევის თქმით, ჰააგის სასამართლო რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტია.

"ის, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება ასე სწორედ ახლა დასრულდა, მიუთითებს იმაზე, რომ ეს საერთაშორისო ინსტიტუტი გამოიყენება როგორც რუსეთზე ზეწოლის ინსტრუმენტად. საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დროს, ჩვენ აღმოვჩნდით მსხვერპლი, საქართველო კი აგრესორი, ახლა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სურს დამნაშავეებად ჩვენ გამოგვიყვანოს, რუსეთი კი – აგრესორად, რომელიც საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს დაესხა". – თქვა სანაკოევმა რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიასთან. 

სანაკოევი, რომელიც 2008 წელს ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, იგივე ომბუდსმენი, აგვისტოს ომის დროს – ბრალდებულია ომის დანაშაულებში, კერძოდ, მძევლების აყვანასა და მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო გადაყვანაში.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 16 დეკემბერს 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიება დაასრულა. დამნაშავედ ცნეს სამი ოსი, რუსეთის ერთი მოქალაქე და საქართველოს არცერთი მოქალაქე.

კომენტარები