2008 წლის აგვისტოს ომი

3 პარტია: 2008-ის ომზე მდგომარეობა შეიცვალა – მოვამზადოთ საფუძველი რეპარაციის დაკისრებისთვის

დროა, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი – მეტი თავისუფლება ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიებიების დასრულებას ეხმაურებიან. პარტიების ლიდერები ქართული ოცნების წარმომადგენლებს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ისინი "არაფერს აკეთებენ" გადაწყვეტილების შემდეგ შექმნილი გარემოებებზე საერთაშორისო აქცენტის გასაკეთებლად.

"რა უნდა ხდებოდეს ამის შემდგომ – პირველი, გვაინტერესებს, აღძრა თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმე ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა იმ სამ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც ჰააგის პროკურორის მიერ არის დასახელებული, როგორც ბრალდებულები საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ საომარ მოქმედებებში, მეორე – არის თუ არა რაიმე კონკრეტული სამოქმედო გეგმა საერთაშორისო ასპარეზზე, მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები, საქართველოს უჩნდება უფლება მოითხოვოს რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება იმ დევნილებისთვის, რომლებმაც უშუალოდ ზიანი მიიღეს 2008 წლის ომის დროს და არა მხოლოდ, იმ სიცოცხლეების საფასურად, რომელიც შეეწირა საქართველოში რუსულ აგრესიას. მე ხელში მაქვს გაეროს რეზოლუცია, რომელიც ეხება უკრაინასთან დაკავშირებით რეპარაციას, რომელიც, დაახლოებით, 1 თვის წინაა მიღებული და აქ არაფერია ნათქვამი საქართველოზე, მაინტერესებს, რიტორიკულად მაინც დავუსვათ ამ ანტიქართველებს, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, აპირებენ თუ არა მსგავსი ტიპის რეზოლუციის მიღებას საქართველოსთან დაკავშირებით". – თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა 2008 წლის ომთან დაკავშირებით და ახლა აქტიურობა ძალიან მნიშვნელოვანია.

"მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს, რომ გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც ქართული ოცნება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები, რომ ერთის მხრივ, რეპარაცია, ანუ ზიანის ანაზღაურება, არა მხოლოდ 2008 წლის, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურად იყოს განხორციელებული რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ, საერთაშორისო ასპარეზზე არ ჩამოვიტანოთ საქართველოს საკითხი". – თქვა ვაშაძემ.

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომისას ჩადენილი ადამიანურობისა და ომის დანაშაულების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო 3 ოსი, 1 რუსი და არცერთი ქართველი. 

კომენტარები