მიხეილ სააკაშვილი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სააკაშვილის კადრებზე შესწავლა დაიწყო

პენიტენციური სამსახური

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებაზე შესწავლა დაიწყეს. 

"2022 წლის 14 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული იქნა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. 

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების გზით მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აღნიშნულ საკითხს კანონით დადგენილ ვადაში შეისწავლის და შედეგების შესახებ საზოგადოებას აცნობებს". - წერია განცხადებაში.  

გუშინ, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას". პენიტენციური სამსახური წერს, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნათლად ჩანს სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, "რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა". იუსტიციის მინისტრის ცნობით, კადრევი აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 

14 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სურვილის მიუხედავად, ის საკუთარ სასამართლო პროცესზე არ ჩართეს - მიზეზად კლინიკა ვივამედმა ტექნიკური მოწყობილობების არქონა დაასახელა. 

ადვოკატები და ოჯახის წევრები სააკაშვილის გათვაისუფლებას ან სასჯელის გადავადებას ითხოვენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - მათივე ცნობით, ექსპრეზიდენტი ვერ გადაადგილდება და 80 კილოგრამზე ნაკლებს იწონის. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მას IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა ცენტრმა ემპათიამაც - მათი ცნობით, სააკაშვილს აქვს 10 დიაგნოზი, რომელიც მის პატიმრობას შეუთავსებელს ხდის. დიაგნოზებს ემპათია არ ასაჯაროვებს. მათივე ცნობით, სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე და პატიმრობასთან შეუთავსებელი - ცალკეული დიაგნოზები ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუკი მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება.  

ამერიკელი პროფესორის, ტოქსიკოლოგ დევიდ სმიტის დასკვნის მიხედვით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თმისა და ფრჩხილის ექსპერტიზის შედეგად, ორგანიზმში მძიმე მეტალების, კერძოდ ვერცხლისწყლისა და დარიშხანის კვალი აღმოაჩინეს. სმიტის აზრით, ნაკლებსავარაუდოა, რომ ტოქსინები ორგანიზმში მკურნალობის შედეგად მომხვდარიყო. 

“ტოქსიკოლოგიური ანალიზის საფუძველზე ვასკვნი, რომ იმ პათოლოგიურ სიმპტომთა უმრავლესობა, რომელიც სააკაშვილს გამოუვლინდა, მძიმე მეტალებით მისი მოწამვლის შედეგია”. - წერია დასკვნაში.  

კომენტარები