მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხერხეულიძე: მომასმენინეს ფაბრიკაცია, სადაც მელია თითქოს უსიამოვნოდ საუბრობს სააკაშვილზე

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, რომ დღეს 14 დეკემბერს მოასმენინეს ფაბრიკაცია, სადაც ოთხ სხვადასხვა პერიოდში ჩაწერილი ნიკა მელიას ხმა გაერთიანებულია და შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უსიამოვნო ტერმინოლოგიით მიხეილ სააკაშვილზე ლაპარაკობს.

ხერხეულიძეს თქმით, უთხრეს ისიც, რომ ჩანაწერს მათ მოასმენინებდნენ, ვინც ნიკა მელიას მხარს დაუჭერს. 

"მე არ ვიცოდი, თუ ამას იკადრებდნენ და გამოაქვეყნებდნენ [სააკაშვილის ვიდეომასალას], გუშინ რომ მოვუსმინე რატი ბრეგაძეს ვიფიქრე რა არის ისეთი, რაც მე არ ვიცი, მაგრამ ფაბრიკაცია არ მიკვირს. სანამ აქ შემოვიდოდი, დღის შუა პერიოდში მომასმენინეს ფაბრიკაცია, სადაც არის ნიკა მელიას ჩანაწერი, არ ვიცი საზოგადოებამ იცის თუ არა და ოთხი მონაკვეთი არის გადადებული - ხმები. 

ფაბრიკაცია არის ამ ხელისუფლების იარაღი. რაკი ეს იკადრეს უნდა ვთქვა, მერე აღმოჩნდება, რომ სულ თავდაცვით მდგომარეობაშია. მომასმენინეს და მითხრეს, რომ ნიკა მელიას ვინც მხარს დაუჭერს, მოვასმენინებთ ამას და ნახავენ, სადაც მიხეილ სააკაშვილს არ ახსენებს, მონაკვეთები არის ამოკრებილი, სადაც ნიკა მელია საუბრობს არასასიამოვნო ტერმილოგიით. ოღონდ სრულიად სხვადასხვა, ამას გამოუცდელი ადამიანი მიხვდება, ეს არის ამ ხელისუფლების იარაღი, ასე გვებრძვიან". - ამბობს ენმ-ს წევრი ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ეკა ხერხეულიძის თქმითვე ჩანაწერი "ვითომ სააკაშვილზეა".

"ფაბრიკაცია, ყველა ეს საშინელი დამოკიდებულება, რაც დაბნეულობას შეიტანს საზოგადოებაში არის ბიძინა ივანიშვილის ინტერესში, ვინც ამას გააკეთებს, რა თქმა უნდა, ის არის ბიძინა ივანიშვილის სამსახურში. მეგობრებო, ტყუილა წვალობთ, სანამ შემოვიდოდი [ეთერში] დავუკავშირდი ნიკა მელიას, რა იქნება შენი რეაქცია ვკითხე და მითხრა, როგორც კი გამოქვეყნდება ეს ჩანაწერი გავაგზავნი ლონდონში ექსპერტიზაზე და ეს იქნება ჩემი პასუხი". - ამბობს ის.

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, კადრები აგვისტო-დეკემბრის პერიოდს მოიცავს.

კომენტარები