რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"სისხლიანი გზავნილი" საბერძნეთში უკრაინის საელჩომაც მიიღო

უკრაინის საელჩო ათენში

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, “სისხლიანი გზავნილი” საბერძნეთში მდებარე უკრაინის საელჩომაც  მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს. 

გზავნილი საელჩოში 12 დეკემბრის დილას მიიღეს. იგი უკრაინელი დიპლომატებისთვის გაგზავნილი რიგით ოცდამერვე მსგავსი ტიპის პაკეტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება. გზავნილის ადრესანტი ამ შემთხვევაშიც უცვლელია.

“სისხლიანი გზავნილი” უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ 17 ქვეყანაში გაიგზავნა და, საბოლოო ჯამში, მსგავსი ტიპის 33 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ მათ შორის ერთ-ერთი ტერორისტული აქტის მცდელობა იყო.

თავდაპირველად, ასაფეთქებლების გაგზავნის სერია 24 ნოემბერს დაიწყო, როცა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გზავნილი მიიღო. ამის შემდეგ, მსგავსი მოწყობილობები გაუგზავნეს თავდაცვის სამინისტროს, საჰაერო ძალების ბაზას, იარაღის მწარმოებელსა და უკრაინის საელჩოს ესპანეთში.

30 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა “სისხლიანი გზავნილების” სერია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე უკრაინის საელჩოებმა (უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიისა და იტალიაში) მიიღეს. გზავნილები გაჟღენთილი იყო სპეციფიური ფერისა და სუნის მქონე სითხით. მათში მკვდარი ცხოველების თვალები იდო. 

კომენტარები