ანაკლიის პორტი

ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით

რადიო თავისუფლება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით ინვესტორ კომპანიებთან ერთად აშენდება, თუმცა პორტის 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

"ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორებს.

ეს პროექტი მიტოვებულია, ადგილი გაპარტახებულია, მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი. ეს კატეგორიულად მიუღებელია, ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში. პროექტი განხორციელდება ჩვენი თანამონაწილეობით – სახელმწიფო განახორციელებს ამ პროექტს სხვა კომპანიებთან ერთად". – თქვა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

2020 წლის იანვარში მთავრობამ გაწყვიტა ხელშეკრულება ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, რომლის თავმჯდომარეც მამუკა ხაზარაძე იყო. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა კონსორციუმმა 2017 წელს მოიგო

2019 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების საქმეზე. საქმე ეხებოდა 2007 წელს თიბისი ბანკში განხორციელებულ ტრანზაქციას.

3-წლიანი დავის შემდეგ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი  დამნაშავედ ცნო და მათ 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა, ფულის გათეთრების ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაკვალიფიცირდა და ბრალდებულებს ხანდაზმულობის გამო, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა მოეხსნათ.

მამუკა ხაზარაძე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს ანაკლიის პროექტს უკავშირებდა და აცხადებდა, რომ მთავრობის მიზანი პროექტის გაჩერება იყო.

კომენტარები