მსოფლიო ჩემპიონატი

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას ჟურნალისტი გარდაიცვალა

კატარში მსოფლიო ჩემპიონატის გაშუქებისას 49 წლის ამერიკელი ჟურნალისტი, გრანტ უოლი გარდაიცვალა. უოლი არგენტინა - ნიდერლანდების მატჩს აშუქებდა, როდესაც თავი შეუძლოდ იგრძნო. გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, ჟურნალისტს გულის შეტევა დაემართა. 

კატარის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორების ცნობით, ჟურნალისტს, რომელიც პრესის ოთახში გახდა შეუძლოდ, ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

გარდაცვალების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციამ: 

"აშშ-ს ფეხბურთის ოჯახი გულგატეხილია იმის გაგების გამო, რომ ჩვენ დავკარგეთ გრანტ უოლი. გრანტის სიყვარულმა ფეხბურთის მიმართ და მისმა პიროვნებამ დიდი როლი ითამაშა აშშ-ში ამ ლამაზი თამაშისადმი ინტერესისა და პატივისცემის გაზრდაში. რაც მთავარია, გრანტის რწმენა, რომ თამაშს აქვს ძალა, გააუმჯობესოს ადამიანების უფლებები, ყველასთვის იყო და დარჩება შთაგონებად". 

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, კატარის წარმომადგენლებთან მუშაობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ გარდაცვლილის ოჯახის სურვილები მაქსიმალურად სწრაფად შესრულდება. 

ორშაბათს, 5 დეკემბერს ჟურნალისტმა დაწერა, რომ თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც კატარში კლინიკაში მივიდა. 

"ჩემი ორგანიზმი საბოლოოდ გატყდა - 3 კვირის განმავლობაში ცოტა ძილს, ბევრ სტრესსა და უამრავ სამუშაოს ამის გაკეთება შეუძლია". - დაწერა მან. უოლი ასევე წერდა, რომ კლინიკაში მკერდში ტკივილის გამო მივიდა, ექიმებმა კი უთხრეს, რომ შესაძლოა ბრონქიტი ჰქონოდა, ანტიბიოტიკები გაუკეთეს და ხველის წამალი დაალევინეს.   

უოლი მსოლფიო ჩემპიონატის გაშუქებისას ყურადღების ცენტრში აშშ - უელსის მატჩის დროს მოექცა - ჟურნალისტი სტადიონზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან მას LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად ცისარტყელას გამოსახულებით მაისური ეცვა. 

გრანტ უოლი აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ჟურნალისტი იყო. მსოფლიო ჩემპიონატი მან პირველად 1994 წელს გააშუქა, 1996 წელს კი Sports Illustrated-ს შეუერთდა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატი უოლისთვის მერვე იყო. 

კომენტარები