ჩეჩნეთი

ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია, შვედეთის პოლიცია მფარველობს – იჩქერიის მთავრობა

რადიო თავისუფლების პროექტ კავკაზ.რეალიისთან იჩქერიის არაღიარებული მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი, რომელიც რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშაა. 

"იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის არსებული ინფორმაციით, თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება". – თქვა კავკაზ.რეალიისთან ჩეჩნეთის დევნილი მთავრობის პრესსპიკერმა. 

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ აბდურახმანოვი დეკემბრის დასაწყისში შვედეთში მოკლეს.

2020 წელს, აბდურახმანოვმა თქვა, რომ პოლონეთში მას თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მამაკაციც ჩანს, მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა.

აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მას კადიროვთან დაკავშირებული ოფიციალური პირები დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა საქართველომ, რის შემდეგაც ის პოლონეთში ჩავიდა და იქ ცდილობდა თავშესაფრის მიღებას. 2018 წელს მას პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

აბდურახმანოვისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა დაგმო Amnesty International-მა. მათ მიაჩნდათ, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ბლოგერი წამების რისკის ქვეშ იქნებოდა.

კომენტარები