ჩეჩნეთი

RFE/RFL: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი, ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს. ინფორმაციას ბლოგერის თანამშრომლებიც ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი 1-2 დეკემბრის ღამეს, შვედეთში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

"ჩვენ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს მის [აბდურახმანოვი] მკვლელობის შესახებ და მისი ძმა, მუჰამედი, სპეციალურმა სამსახურებმა გადამალეს". – წერია ოპოზიციონერის ტელეგრამ ახზე.

ინფორმაციას მისი მკვლელობის შესახებ შვედეთის სამართალდამცავი უწყებები ჯერ-ჯერობით არ ადასტურებენ.

2020 წელს, აბდურახმანოვმა თქვა, რომ პოლონეთში მას თავს დაესხნენ და მისი მოკვლა სცადეს. აბდურახმანოვმა ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მამაკაციც ჩანს, მას სისხლი სდის, აბდურახმანოვს კი ჩაქუჩი უჭირავს, რომლითაც, როგორც თავად ამბობს უცნობი კაცი მოკვლას უპირებდა.

აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა, მას შემდეგ, რაც მას კადიროვთან დაკავშირებული ოფიციალური პირები დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ მას თავშესაფარზე უარი უთხრა საქართველომ, რის შემდეგაც ის პოლონეთში ჩავიდა და იქ ცდილობდა თავშესაფრის მიღებას. 2018 წელს მას პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა.

აბდურახმანოვისთვის თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა დაგმო Amnesty International-მა. მათ მიაჩნდათ, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში ბლოგერი წამების რისკის ქვეშ იქნებოდა.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ევროპაში მყოფი ჩეჩნები, რომლებიც კადიროვს და ვლადიმირ პუტინს აკრიტიკებდნენ და ქვეყნის დატოვება მოუხდათ მკვლელობის სამიზნეები გახდნენ.

2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინის ცენტრში მოკლეს საქართველოს მოქალაქე, ყოფილი ჩეჩენი მებრძოლი და პანკისის მკვიდრი 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი. Belligcat-ის, გამოცემა Spiegel-ისა და რუსული Insider-ის ახალი ერთობლივი გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელმა, ვადიმ კრასიკოვმა სპეციალური მომზადება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის [ФСБ] ელიტალური ქვედანაყოფის "ვიმპელის" ბაზაზე გაიარა.

2020 წლის 4 თებერვალს კი ჩეჩენი ბლოგერი, 44 წლის იმრან ალიევი, რომელიც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა, საფრანგეთის ქალაქ ლილის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოკლული იპოვეს. მას დანით კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული.

მაშინ ტუმსო აბდურახმანოვმა თქვა, რომ კადიროვის კრიტიკის გამო მასაც დაემუქრნენ და ალიევის მკვლელობამდე მიიღო ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთიდან ევროპაში დაქირავებული მკვლელი გაგზავნეს. აბდურახმანობის თქმით თავდაპირველად ეგონა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა და ინფორმაცია გერმანიის პოლიციას მიაწოდა.

კომენტარები